ნაზი ჯანეზაშვილი

ეს შუალედური გამარჯვებაა; შერჩევის პროცესი უნდა დაიხვეწოს — ჯანეზაშვილი მოსამართლეებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “შუალედურ გამარჯვებად” აფასებს ირაკლი კობახიძის და გიორგი მიქაუტაძის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც ჯერ შემუშავდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უვადო მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და შემდეგ ხელახლა წარადგენენ უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს.

“ამ ეტაპისთვის ეს არის შუალედური გამარჯვება, ამ ეტაპზე ეს სია ამ ფორმით აღარ გადის კენჭისყრაზე”, — განაცხადა ჯანეზაშვილმა 12 იანვარს ბრიფინგზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მისი თქმით, კობახიძის მიერ ნახსენები სამუშაო ჯგუფში დიდი ხანია შექმნილია და მასში პარლამენტარები, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ირიცხებიან.

თუმცა, ჯანეზაშვილის თანახმად, ამ ჯგუფს “წარსულში წარმატებული შედეგები არ ჰქონიათ” და მისი და საბჭოს კიდევ ერთი წევრის, ანა დოლიძის პოზიციებს, არ იზიარებდნენ.

ჯანეზაშვილის თანახმად, მოსამართლეთა არჩევის პროცესი რომ დაიხვეწოს, პარლამენტმა და სამუშაო ჯგუფმა უნდა გაითვალისწინონ ძირითადი პრინციპები, რათა ადამიანები, ვის მიმართაც ნდობა დაბალია და პრეტენზიები არსებობს, “დახვეწილი მეთოდებით” არ მოხვდნენ სიაში. ჯანეზაშვილმა სამი პრინციპი დაასახელა:

  1. უპირობოდ უნდა გამოცხადდეს კონკურსი. მისი თქმით, კონკურსის გარეშე კანდიდატურა სანდო ვერასოდეს იქნება;
  2. შეიქმნას კანდიდატებს არჩევის, გადარჩევის ფილტრი. ჯანეზაშვილის თქმით, ამ ფილტრის ის და ანა დოლიძე შესთავაზებენ საბჭოსა და პარლამენტს;
  3. შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტის მაღალი სტანდარტები. ჯანეზაშვილის აზრით, მოსამართლეები, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, კანდიდატებად არ უნდა დასახელდნენ. “მდივანი საკუთარ თავს არ უნდა ასახელებდეს და შემდეგ მესამე პირში არ უნდა საუბრობდეს კანდიდატთა ღირსებებზე”, – თქვა ჯანეზაშვილმა.

12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია “არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდება, შემდეგ კი მოსამართლეების განახლებულ სიას წარმოადგენენ.

მიქაუტაძემ კი განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ყველა კანდიდატი მზად არის, “სრულად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ  კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს”.

შემუშავდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი იქნება განახლებული სია — კობახიძე

მოსამართლეობის ყველა კანდიდატი მზადაა, ნებისმიერ კრიტერიუმს დაექვემდებაროს — მიქაუტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com