უნდა ვიმსჯელოთ შეურაცხყოფის და ცილისწამების პრობლემაზე — კობახიძე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბშვილის და პატრიარქ ილია II-ის შემდეგ, ცილისწამების წინააღმდეგ ინიციატივაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა განცხადება.

12 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ “უნდა ვიმსჯელოთ  შეურაცხყოფის და ცილისწამების პრობლემაზე… აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას”.

“საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ქართული საზოგადოება ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ეს ჩანს  იმ სურათიდან, რომელსაც ხანდახან ქმნის მედია და სოციალური ქსელები”, – თქვა მან და დასძინა, — “აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე – ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ”.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინა დღეს, 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აუცილებელია საქართველოში ცილისწამების შესახებ კანონის მიღება.

“მედიას აქვს თავისი წესები და აქ უფრო დაცულია ადამიანი. როცა ჩვენ საქმე გვაქვს სოციალურ ქსელთან, რომელიც ზოგჯერ არის ანონიმური, ზოგჯერ არის სხვა ქვეყნის მიერ მართული და ძალიან ბევრი პროცესები მიმდინარეობს,  მე მგონი, საჭიროა, რომ ამ კუთხით ვიფიქროთ. მე არ ვიცი, რა კანონი უნდა მივიღოთ. არც სხვა ქვეყნის გამოცდილების გადმოღების მომხრე ვარ. საფრანგეთი იმიტომ ვახსენე, რომ ახლახან მიიღეს ამ ტიპის კანონმდებლობა”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე თავის საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა. ეს საკითხი ახსენა პატრიარქმა ილია მეორემ 2019 წლის საშობაო ეპისტოლეშიც, ხოლო პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა ამ საკითხის ეპისტოლეში ხსენებისთვის.


რა კანონი მიიღო საფრანგეთმა

საფრანგეთმა 2018 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინციიატივით მიიღო კანონი, რომელსაც არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა თავად საფრანგეთში. მიუხედავად საფრანგეთის პარლამენტის სენატის ორჯერ უარყოფისა, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ მაკრონის ინიციატივა საბოლოოდ მაინც დაამტკიცა კანონად.

აღნიშნული კანონი მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, საარჩევნო კამპანიის სამთვიან პერიოდში გასცენ ყალბი ამბის წაშლის განკარგულება. როგორც ევრონიუსი იტყობინება, იგივე კანონი საფრანგეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს აძლევს უფლებას, შეაჩეროს იმ ტელეარხის მაუწყებლობა, რომელიც კონტროლდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების მიერ და არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ამბებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი მიზანი ყალბი ამბების გავრცლეების აღკვეთაა და არა – მოსაზრებების შეზღუდვა. კანონის დამრღვევი 75 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონის მიღებას წინ უძღოდა ცნობები საფრანგეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. გარდა ამისა, მაკრიონმა თავადაც არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებული მედიასაშალებები – “სპუტნიკი” და Russia Today ყალბი ამბების გავრცელებისთვის.


ცილისწამების დეკრიმინალიზების ისტორია საქართველოში

ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში ცილისწამების დეკრიმინალიზება სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წელს ცილისწამების კრიმინალიზებასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ცილისწამების ბრალდებით და მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს, ცილისწამების კრიმინალიზება მათ თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. რეზოლუციის თანახმად, გადადების გარეშე უნდა გაუქმდეს ისეთი კანონების მოქმედება, რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელად პატიმრობას ითვალისწინებს, რადგან ეს იწვევს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. 

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ განაცხადა, რომ პრესა ასრულებს მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მისი მოვალეობაა საკუთარ პასუხისმგებლობებთან შეთავსებით გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საკითხის შესახებ. ჟურნალისტური თავისუფლება ასევე ფარავს გაზვიადებას, ან თუნდაც პროვოკაციას. 

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com