ახალი ამბები

მოსამართლეობის ყველა კანდიდატი მზადაა, ნებისმიერ კრიტერიუმს დაექვემდებაროს — მიქაუტაძე

12 იანვარი, 2019 • 2447
მოსამართლეობის ყველა კანდიდატი მზადაა, ნებისმიერ კრიტერიუმს დაექვემდებაროს — მიქაუტაძე

12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ყველა კანდიდატი მზად არის, “სრულად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ  კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს”.

ეს განცხადება მიქაუტაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც კობახიძესთან შეთანხმდნენ, — ჯერ მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები და პროცედურა შემუშავდება, შემდეგ კი მოსამართლეების განახლებულ სიას წარმოადგენენ.

“პროცედურა იმისა, რომ სია და კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს, შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სარეფორმო ჯგუფი”, – თქვა მიქაუტაძემ.

პროცედურებისა და კრიტერიუმების შესამუშავებლად იმუშავებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კობახიძე ხელმძღვანელებს. კობახიძის თქმითვე, ამ ჯგუფში ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები ირიცხებიან.

მიქაუტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, გაიწვევენ ან ჩავარდება თუ არა დასახელებული 10 კანდიდატი, პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ “ეს 10 კანდიდატურა და სხვა კანდიდატურებიც, ყველა დაექვემდებარება შემოწმებას იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც შევიმუშავებს”.

“უახლოს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ. დეტალებზე წინასწარ ამაზე საუბარი იქნება უხერხული”, – თქვა მიქაუტაძემ.

ამის შემდეგ მიქაუტაძემ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში მინიმუმ 28 მოსამართლე უნდა იყოს, დღეს კი 10 მოსამართლეა მოქმედი, წარდგენილი კი — 10. “ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება”, თქვა მან.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2018 წლის მიწურულს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი. ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება წარდგეილი კანდიდატების შესახებ უარყოფითად შეაფასეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა — ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ასევე,  არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს მოუწოდა, შეეჩერებინათ უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი, რის შემდეგაც პარლამენტმა ეს პროცესი საგაზაფხულო სესიამდე გადადო.

“სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე, შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს”, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველი.

სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებსა და როლზე, ასევე სისტემის რეფორმის ხარვეზებზე, ნახეთ სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება:

ნახეთ ასევე:

შემუშავდება მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები, წარმოდგენილი იქნება განახლებული სია — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი