დეკანოზი ილია: ვინც უკრაინას არ ულოცავს, რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის, ან შეშინებული კონფორმისტია

უცნობია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, თუმცა დეკანოზი ილია ჭიღლაძე თავის პოზიციას ღიად აფიქსირებს და წერს, რომ  “ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია”.

თავისი პოზიცია ფეისბუკზე დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 11 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ ულოცავს უკრაიანას ავტოკეფალიის მინიჭებას.

“უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი. ეს ელემენტარული საკითხია. ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია. ორივე ცუდია, რადგან მამულიშვილობა და ქრისტიანობა ვერც შიშს გუობს და ვერც მონობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების თავისუფლებას და წარმატებას საერთო მტერი ჰყავს იმპერიული რუსეთის და მისი საპატრიარქოს სახით. დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავრს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს”, – წერს დეკანოზი და დასძენს:

“რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიამ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით.

დანარჩენი არჩევანის საკითხია: ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთი. საინტერესოა, რა სინდისით უნდა ყოფილიყო მოსკოვის პატრიარქი კირილე უკრაინის პატრიარქი, როდესაც ის და მისი საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებდა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში? ამიტომაც ღმერთმა დაუშვა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა შეგნებული მართლმადიდებელი ერი უკრაინისა.

ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული (თუ დანიშნული) ზურაბიშვილი უკრაინას, მისი სიტყვას საქართველოში არ აქვს წონა და უკრაინაში ვის სჭირდება? ნურც ოცნების ხელისუფლების რომელიმე წევრი. დაე, უფრო ცხადი გახდეს, რომელ მხარეს დადგნენ ისინი და რომელ ძალას ემსახურებიან”.


  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ჯერჯერობით დუმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმის მიუხედავად, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
  • 11 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს არ ულოცავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. ამ თემაზე დასმულ კითხვას არ უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
  • აშშ-მა უკრაინელ ხალხს  მიულოცა 10 იანვარს.
  • 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.
  • 4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი