ახალი ამბები

ზურაბიშვილი: არც ერთი გუნდის დამსახურება არაა ჩემი პრეზიდენტობა

11 იანვარი, 2019 • 3120
ზურაბიშვილი: არც ერთი გუნდის დამსახურება არაა ჩემი პრეზიდენტობა

“არცერთი გუნდის დამსახურება არაა, რომ პრეზიდენტი ვარ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს ჟურნალისტის რემარკის პასუხად.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რას ურჩევს მმართველ გუნდს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არაფერს.

“ამ გუნდის დამსახურებაა, რომ პრეზიდენტი ხართ”, – შენიშნა ჟურნალისტმა. 

“არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, ამას შეგისწორებთ.  ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, თუ მე ვარ დღეს პრეზიდენტი, და მათი ნდობის შედეგი.  ამ ნდობის ღირსი ვიქნები,  თუ ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის საპასუხოდ. 

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

“ქართული ოცნების” მხარდაჭერა განსაკუთრებით გაძლიერდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რადგანაც ზურაბიშვილმა  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ მცირედით მოუგო, თუმცა პრეზიდენტი ვერ გახდა. პირველ ტურში მან  ხმების 38.66% მიიღო, ვაშაძემ კი – 37.7%.

არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიას ძირითადად “ქართული ოცნება” აწარმოებდა და მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი