ახალი ამბები

“აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა” – პრეზიდენტი კონკრეტულ მოსამართლეებზე პოზიციას ვერ გამოთქვამს

11 იანვარი, 2019 • 1711
“აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა” – პრეზიდენტი კონკრეტულ მოსამართლეებზე პოზიციას ვერ გამოთქვამს

სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ მოსამართლეთა სიაზე თავის პოზიციას არ აფიქსირებს.

პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს მიმართ ნდობა ქვეყანაში დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში ინტეგრაციის საწინდარია. შესაბამისად, ის ძალიან დაინტერესებულია და მხარს უჭერს მართლმსაჯულების რეფორმას, რომლის მე-4 ფაზაც მალე უნდა დაიწყოს. თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, პოლიტიკური პერსონა არ არის და, შესაბამისად, კონკრეტულ მოსამართლეზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს.

“თქვენ რასაც მეკითხებით, რომელიმე მოსამართლის მიმართ რა არის ჩემი პოზიცია, მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ასე რომ,  სრულიად მიუღებელი იქნება, რომ რომელიმე მოსმართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ და ბევრმა სხვამ საზოგადოებაში შეიძლება იცით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია არ მაქვს, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც ხვალ შეადგენს უზენაეს სასამართლოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ სია “ბევრის აზრით აჩქარებული პროეცდურის” საფუძველზე არ დაამტკიცა და პროცესი სხვა ფორმატში გადაიტანა. პრეზიდენტის თქმით, იმედია, ის დაინტერესებულ ადამიანებს მისცემს დროს, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი