თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდება, შეიძლება პარლამენტში თავი ავიფეთქო – ფოფხაძე

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი დაამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა სიას, “ძალიან გაბრაზდება”. ამის შესახებ ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას დღეს, 10 იანვარს, ისაუბრა.

“თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. ამ შემთხვევაში წამოსვლა, შეიძლება, ვერც მოვახერხო. ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ, არაადეკვატური გავხდები. რაში გამოიხატება, მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, ავიფეთქო თავი პარლამენტში, შეიძლება, ტროტილით მივიდე. მე მგონია, რომ ჩემი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გამოცდა და ამიტომ მე უკან ვერ დავიხევ. …შეიძლება არაადეკვატური გავხდე და ისეთი რამ გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება”, – თქვა გედევან ფოფხაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატთა მცირე ნაწილმა, რომელთა შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, საჯაროდ გააკრიტიკეს იუსტიციის უმაღლესი საჭო იმ ათკაციანი სიისთვის, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. როგორც ბესელია და ფოფხაძე ამბობენ, ამ სიაში წარდგენილი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დამტკიცების პროცესის დაჩქარება სურდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაც მათთვის მიუღებელია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ეკა ბესელიას გუნდურობა დაუწუნა და გააკრიტიკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.