ქალი ამბობს, რომ მუხიანში ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს – ბრალდებული დაკავებულია

ახალგაზრდა ქალმა ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 30 დეკემბერს, საღამოს 9-დან 10 საათამდე მონაკვეთში, თბილისში, გობრონიძის ქუჩის გავლით ფეხით მიდიოდა მუხიანისკენ, რა დროსაც უცნობი კაცი თავს დაესხა, ელექტროშოკით გათიშა და შემდეგ იძალადა.

როგორც ქალი წერს, კაცმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკი ოთხჯერ გამოიყენა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად “პრაიმთაიმმა” გაავრცელა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, ძალადობის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული რ.ა. 31 დეკემბერს დააკავეს. დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული”, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.