წარსულის გადაფასება – გზა აფხაზებთან დიალოგისკენ

შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი, “მშვიდობის განვითარების ცენტრი”


საქართველოში ბევრი საუბრობს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. დღესდღეობით არსებული ყველა ფორმატი თავისებურად მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ ცვლის ორ პოსტკონფლიქტურ საზოგადოებას შორის არსებულ ჩიხურ სიტუაციას.

ჟენევის ფორმატი ზედმეტად პოლიტიზებულია. მხარეები ერთმანეთისადმი მუდმივად კონტრგანწყობაში იმყოფებიან. ჟენევა კლასიკური გაგებით კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის სივრცეს არ წარმოადგენს.

არსებული ნდობის აღდგენითი პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა აქაც გარკვეული სტაგნაცია შეინიშნება.

ჩნდება შეგრძნება, რომ ამ პროექტების გარეშე კიდევ უფრო მეტი გაუცხოება იქნება ორ საზოგადოებას შორის, მაგრამ რაიმე სერიოზული პროგრესის მოლოდინი აქაც ნაკლებია. ნიჰილიზმი და უიმედობა შეიმჩნევა იმ წრეშიც, ვინც აღნიშნულ პროექტებშია ჩართული. არ ჩანს ნაბიჯები და იდეები, რომლებმაც შეიძლება ჩიხური სივრციდან გამოსავალი დაგვანახოს.

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელზეც ქართულ საზოგადოებას დაფიქრება გვმართებს, არის წარსულის გადაფასების პროცესი. ის, რასაც დასავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ საზოგადოების მიერ ძალადობრივი წარსულის შესახებ პოლიტიკური შეფასების მიცემას უწოდებენ.

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი წარსულის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში საუბარი, განხილვები და როგორ შეიძლება ეს პროცესი განვითარდეს?

დღესდღეობით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ქვაკუთხედს შერიგებისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ეს გაცხადებული სახელმწიფო პრიორიტეტია, რომელსაც ხელისუფლება, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი, აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრის ფაქტიურად ერთადერთ გზად განიხილავს.

თუ შერიგებაზე სერიოზულად ვფიქრობთ, მაშინ აუცილებელია აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის წარმოება. ხოლო საერთო წარსული არის სწორედ ის თემა, რაზეც დღეს აფხაზებთან საუბარი რეალისტურია.

არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვით სისხლიან წარსულში ქექვა არაფერს მოიტანს, გარდა მტკივნეული ჭრილობების კვლავ გაღვივებისა. ამ შეხედულებას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და პოლიტიკური მეინსტრიმი იზიარებს.

სახელისუფლებო ინიციატივები უკეთეს მომავალზე არის კონცენტრირებული. ამ შეხედულების მიხედვით, საქართველო დროთა განმავლობაში ეკონომიკურად, დემოკრატიულად და პოლიტიკურად იმდენად მომხიბვლელი გახდება აფხაზებისთვის, რომ ისინი აზრს შეიცვლიან და საქართველოსკენ შემობრუნდებიან.

აქცენტი მომავალზე კეთდება, რომელიც ჩვენ და აფხაზებს ერთიანი უნდა გვქონდეს. თუმცა მხოლოდ „საქართველოს მიმზიდველობა“, სამწუხაროდ, ვერ იქნება საკმარისი. გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო მიმზიდველი ხდება საქართველო, მით უფრო იკეტება ან კეტავენ აფხაზეთს.

მართალია, ბევრი აფხაზი ცდილობს და ახერხებს გადმოვიდეს ენგურს აქეთ, მოინახულოს ახალი საქართველო, მაგრამ აფხაზეთში შიდა პოლიტიკურ განწყობებს და საქართველოსთან დაპირისპირებულ აფხაზურ ნარატივს ეს ნაკლებად ცვლის.

აფხაზები საქართველოს 90-იანების ომში დამნაშავე მხარედ აღიქვამენ და დღესაც მიიჩნევენ მოქმედ აგრესორ სახელმწიფოდ. აფხაზურ საზოგადოებაში ქართველების მიმართ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა და პრეტენზია არსებობს, რომ ისინი წარსულის შესახებ საუბრის გარეშე საერთო მომავალზე ფიქრს არ დაიწყებენ.

ამდენი წლის შემდეგაც ქვეყანაში მომხდარი ომების პოლიტიკური შეფასება არ მომხდარა ქართული მხრიდან, გარდა ალაგ-ალაგ ზედაპირული განცხადებებისა, რომ ეს ძმათა მკვლელი, შეცდომითი ომები იყო. მაგრამ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან წარსულის შეცდომებზე საუბარი და პოლიტიკური შეფასებები ძალზედ მწირი და შინაარსობრივად სუსტია.

უკანასკნელ წლებში სახელმწიფო მეთაურებისგან გვესმის მიმართვები აფხაზი „ძმებისადმი“, მათთვის მავნებელი ოკუპაციის შესახებ, საერთო მტრისა და უკეთესი საერთო მომავლის შესახებ. გაცვეთილი ფრაზები ისევ და ისევ მეორდება, დროის წინსვლასთან ერთად მათი შინაარსი უფრო და უფრო იკარგება და კიდევ ერთი შანსი გვეცლება ხელიდან, რომ ამჯერად როგორც საზოგადოებამ შესაბამისი პოლიტიკური შეფასება მივცეთ განვლილ მოვლენებს.

აფხაზებისთვის ომის ტკივილი, დანაკარგი, წყენა იმდენად დიდია, რომ მათ არ აქვთ ნდობა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მიმართ. მათი ხმა და მოსაზრებები ომის და ზოგადად უახლესი წარსულის შესახებ არ არის გაგონილი საქართველოში.

შერიგება თავისი შინაარსით ემოციური პროცესია და დაკავშირებულია გულახდილ საუბართან, პასუხისმგებლობასთან, სამართლიან შეფასებასთან, საკუთარი წილი შეცდომების აღიარებასთან და გამოტანილ დასკვნებთან. ყოველივე ეს ცნებები დღესდღეობით პოლიტიკური პროცესის წინა პლანზე არ დგას საქართველოში.

მომავალზე ფოკუსირება, რა თქმა უნდა, კარგი და პოზიტიურია. ახალი ურთიერთობების აწყობა, საქართველოში დემოკრატიული და პროდასავლური პროგრესით მოტანილი სიკეთეების აფხაზებისთვის ხელმისაწვდომობაც, თუმცა, წარსულის წყენაზე და შეცდომებზე საუბარი- არანაკლებ აუცილებელი.

90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების გადაფასება თავად ქართულ საზოგადოებას, ქართულ ისტორიოგრაფიას და თანამედროვე ქართულ პოლიტიკას სჭირდება, რათა გავიგოთ, თუ რა და რატომ დაგვემართა, რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ომები ქვეყნის შიგნით, რატომ მივედით ძმათამკვლელ დაპირისპირებებამდე.

ნუთუ არ შეიძლებოდა იმის გაანგარიშება, რომ აფხაზეთში შესულ ქართულ ჯარს აფხაზები იარაღით დახვდებოდნენ და სისხლი დაიღვრებოდა? განსახილველია პირველი პრეზიდენტის დროს გაკეთებული მაპროვოცირებელი განცხადებების ეფექტი აფხაზი და ოსი ერების მიმართ. ანდა ხომ არ ღირს, პოლიტიკური შეფასება მიეცეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ხანებში გაშვებულ შესანიშნავ შესაძლებლობას აფხაზებთან დიალოგისთვის და რომ ეს შესაძლებლობა სრულიად გამიზნულად, განზრახ იქნა ჩანაცვლებული კონფლიქტის მალე მოგვარების მილიტარისტული გზით; მეტი უბედურება ხომ არ მოგვიტანა ცხინვალში ჯარით შესვლამ, ვიდრე ამას არშესვლა მოიტანდა?

საუბარია საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე და არა ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებაზე. აუცილებელია განვმარტოთ განსხვავება თვითრეფლექსიასა და თვითგვემას შორის. თვითრეფლექსია არის მოვლენების საღი, სამართლიანი და გულახდილი შეფასების მცდელობა, რომელიც სასურველია საჯარო სივრცეში მოხდეს.

მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი სავსებით სამართლიანად უნდობლობით უყურებს ბოლო წლების განმავლობაში ლიბერალური დისკურსის მიერ თავსმოხვეულ „თვითგვემურ ნარატივებს“, რამაც გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში გარკვეული კომპლექსის ჩამოყალიბება. „რაც კარგები, ვართ ქართველები ვართ“ ჩაანაცვლა „რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ“. შესაბამისად, საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს ზოგადად თვითკრიტიკის ცნებას. თუმცა პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისთვის აუცილებელია თვითრეფლექსიის დისკურსის განვითარება. ეს განსაკუთრებით კონფლიქტური რეგიონების თემატიკას ესაჭიროება.

თვითრეფლექსია, ანუ წარსულის კრიტიკულად და ანალიტიკურად შეფასება ასევე არ უნდა აგვერიოს შინაარსისგან დაცლილ ბოდიშისა და „მშიბზიას“ კამპანიებში.

ზოგადად, ბოდიში საკმაოდ ძლიერი და პასუხისმგებლიანი ქმედებაა. თუმცა დღევანდელი ქართულ-აფხაზური კონტექსისთვის ზედმეტად ამბიციური. როდესაც ბოდიშს იხდი, ეს გარკვეულწილად მეორე მხარისთვის პატიების ვალდებულებას წარმოშობს. ხოლო აფხაზური საზოგადოება არ არის მზად არც ამ ბოდიშის მიღებისთვის და არც პატიებისთვის. ისევე როგორც არ არის ქართული საზოგადოება მზად ბოდიშის მოსახდელად, რადგან საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რაზე ვიხდით ბოდიშს. მაგალითად, ეთნიკური წმენდისთვის და 250 ათასი გამოდევნილისთვის?

მეორე მხრივ, ქართული საზოგადოება ნამდვილად არის მზად 90-იანებში მომხდარი მოვლენების გადასაფასებლად. შესაბამისი საჯარო, მედია, საზოგადოებრივი დისკუსიები წარსულის შესახებ ჯანსაღ გარემოს შექმნის როგორც შიდა საზოგადოებრივი პროცესისთვის, ასევე, აფხაზურ მხარესთან დიალოგისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ არა სამართლებრივ, არამედ მორალურ და პოლიტიკურ გადაფასებაზე.

აღნიშნული პროცესი მეტ შინაარსს შესძენს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და ეს არც აფხაზებს გამორჩებათ თვალსაწიერიდან. მეტიც, ეს არის ის საკითხი, რომელსაც აფხაზური საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში ელოდება.

ამის შესახებ საუბარი ნდობის აღდგენით პროექტებში აფხაზი მონაწილეებისგან მუდმივად გვესმის.

დღევანდელ რეალობაში ისედაც ცოტა საკითხია, სადაც ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს ერთმანეთში შინაარსობრივი დიალოგის გამართვა შეუძლიათ. მათ შორისაა უახლოეს წარსულში ჩვენს ქვეყანაში ეთნოპოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი მოვლენების სამოქალაქო გადაფასების პროცესი.

სოხუმი; ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი