ბიძინა გეგიძე მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აკრიტიკებს და კობახიძეს საჯაროდ მიმართავს

“ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მისამართით მიმართვა გაავრცელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხთან დაკავშირებით. გეგიძე პროცესს აკრიტიკებს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, წარმოადგინოს კონკრეტული ხედვა მის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის განხილვას, მივმართავ სახელმწიფოს ყველაზე საჯარო ინსტიტუციის, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მკვეთრად გამოხატული საჯარო ინტერესებისა და მოთხოვნების მიმართ, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულებებიდან გამომდინარე, იმოქმედოს და უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დროში კონკრეტულად გაწერილი პროცესი, თუ რა ფორმატში ხედავს და როგორ აპირებს აღნიშნული საკითხის განხილვას. ეს იქნება პარლამენტის ბიუროს ფორმატი, უმრავლესობის ფორმატი, კომიტეტების ფორმატი თუ საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკითხის განხილვა. ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს ხედვა. მხოლოდ საპარლამენტო სივრცე არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს მთელი პროცესი მოიცვას. თუ საჭიროა, ასევე, აკადემიური, სამთავრობო სივრცეებშიც გადავიდეს პროცესი”, – აცხადებს ბიძინა გეგიძე.

უმრავლესობის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი იყოს დღის წესრიგი – რა სახით მოხდება საკითხის განხილვა: დისკუსიისა და დებატების სახით, თუ საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებებიც.

“რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს: საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე თავად გადაწყვეტს, რა სახით ჩაერთოს პროცესში – გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე, თუ უბრალოდ უყუროს პროცესს და შემდეგ დაელოდოს კენჭისყრებს. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ორიენტირებული შედეგზე და ამ შედეგს უნდა დაერქვას ერთი სახელი – პროცესმა უნდა შეიძინოს რესპექტაბელურობა. დღეს ეს პროცესი არც გამჭვირვალეა და რესპექტაბელურობასაც ძალიან მოკლებულია. ამ პროცესის მენეჯერი უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე და ყველას უნდა ჰქონდეს მასში ჩართვის საშუალება: კოლეგა დეპუტატებს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სუბიექტს. მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს და არ უნდა მოხდეს ისე, ბოლო წუთში რომ შემოდის ასეთი, ეროვნული მნიშვნელობის დონეზე აყვანილი საკითხები”, – ნათქვამია ბიძინა გეგიძის განცხადებაში.

დეპუტატის განცხადებით, პროცესს გაჯანსაღება სჭირდება, რომელიც სრულიად მოუმზადებელი იყო და კრიტიკას ვერ უძლებს.

“როგორც მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის საკითხის წარმოდგენა, ასევე, როგორც მოხდა მურუსიძის უვადოდ განწესება, ასეთი ფორმით გადაწყვეტილებების მიღება უნდა დამთავრდეს. საჯარო სივრცე არის სწორედ ის ადგილი, სადაც საჯარო პირებს არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა შეგვეშინდეს ჯანსაღი ინიციატივების ინიცირება. ამავდროულად, ასეთი მნიშვნელობის საკითხებს უნდა წყვეტდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს “ქართულ ოცნებას” და რომელთა მკვეთრი რეაქცია ვნახეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის საკითხს,“ – განაცხადა გეგიძემ.


“ქართულ ოცნებაში” ბოლოდროინდელი დაპირისპირება უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანაშინად 10-კაციანი სიის წარდგენას. პოლიტიკოსთა ნაწილი, მათ შორის, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს სია სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, პარლამენტმა ამ სიას მხარი არ უნდა დაუჭიროს. ასე არ ფიქრობს “ქართული ოცნების” წევრთა ნაწილი, მათ შორის, ირაკლი კობახიძეც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.