ახალი ამბები

მოსამართლე მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა – ბესელია

9 იანვარი, 2019 • 1638
მოსამართლე მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა – ბესელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და სხვა დეპუტატებმა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას ეწინააღმდეგებიან, “ვერ გაუძლეს ცდუნებას, რომ სასამართლო თავიანთი ჯიბის სასამართლო გახადონ”.

როგორც მეთოფიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების კანდიდატების სია წარდგენილია კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით და პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს ეს სია.

“ვინაიდან მუსირებს აზრი სიის გაწვევასთან დაკავშირებით, თუ ასეთი საკითხი დადგება ბუნებაში საბჭოზე, მე პირადად მხარს არ დავუჭერ. ვინც ამას ებრძვიან, ეს არის დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მაგალითად, კობერიძემ თქვა, უნდა ჩამოვართვათ ეს ფუნქცია საბჭოს და პარლამენტმა დანიშნოს მოსამართლეებიო”, – განაცხადა მეთოფიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილს Facebook-ზე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია და მოსამართლეს შეახსენა, რომ კონსტიტუციის დაცვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დაცვასაც ავალებს.

“ბატონი მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა. პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და საკანონმდებლო ორგანოს წევრს უპატივცემულოდ მიმართავს. ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს გაახსენდება, რომ დეპუტატების მიმართ ასეთი ფორმით საუბარი მოსამართლის მხრიდან ინსტიტუციის უპატივცემულობაცაა, იქამდე მე ვურჩევ ბატონ მეთოფიშვილს, კონსტიტუციის იმ მუხლს ჩახედოს, სადაც საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადება შეუძლია. ეს ვენეციის კომისიამ მოიწონა და როცა ამ კომისიას ახსნებს, იქვე ესეც უნდა გაიხსენოს”, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, სწორედ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელების შემდეგ უნდა მომხდარიყო საბჭოს მხრიდან უვადოდ დანიშვნების დაწყება.

“რეფორმა, რაც ჩვენ დავიწყეთ, ეხებოდა მათ შორის საბჭოს საქმიანობას და იუსტიციის უმაღლეს სკოლას. ამ რეფორმის დასრულებადე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეფორმას ეწინააღმეგება და აზრს უკარგავს. სხვათა შორის, დასკვნაში ვენეციის კომისიამ ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელება როგორც საბჭოს, ასევე პრეზიდენტსაც რომ შეეძლოს, კარგი იქნებაო. ბატონ მეთოფიშვილს მოსამართლის მანტია აცვია და უმჯობესია, მართლმსაჯულებას მოახმაროს ის დრო, რასაც პოლიტიკურ დებატებს უთმობს. სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დაუცველობა უდროობის მომიზეზებით ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა დღეს სასამართლო სისტემაში”, – წერს ბესელია.

იგი მიიჩნევს, რომ სია პარლამენტიდან გაწვეული უნდა იყოს.

“პარლამენტი სასამართლოს ფილიალი არაა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ვიწრო ჯგუფის დავალებებს არ შეასრულებს. ჩვენ ხალხის დავალების შესასრულებლად მოგვცეს მანდატი. ამ სიის მხარდაჭერა არაა ჩვენი ხალხის სურვილი”, – აცხადებს დეპუტატი.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხი დაასახელა. ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სიის ლობირებაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ეკა ბესელიას ვიცესპიკერად გადასვლის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყდა, მოსამართლეთა სიის განხილვა პარლამენტმა შეაჩერა და ბესელიას მიერ მოყვანილი მიზეზი სიმართლისგან შორსაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი