გამოძიება უნდა წარიმართოს კანონიერებისა და რეპუტაციის პატივისცემის გზით – ბიზნესასოციაცია TBC-ზე

საქართველოს ბიზნესასოციაცია მისი წევრი კომპანიის – “თიბისი ბანკის” გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება და კომპანიის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

“ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტული კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ ე.წ. კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის არ გახდეს კომპანიისა თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი კამპანიის აგორების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში”, – აცხადებს ბიზნესასოციაცია.

ასოციაციის თქმით, “თიბისი ბანკი”, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული “მოწინავე საჯარო კომპანია”, წარმოადგენს მსოფლიოს ათეულობით განვითარებული ქვეყნიდან ინვესტორთა ინტერესებს საქართველოში.

“ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით”, – აცხადებს ასოციაცია.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, “თიბისის ბანკის” საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის მაისში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

“თიბისი ბანკმა” 9 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც იმ საქმის დეტალები წერია, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ დოკუმენტაცია ამოიღო.

თიბისი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონით დააჯარიმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.