ახალი ამბები

ოპოზიცია “თიბისი ბანკის” საქმეს ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორებად მიიჩნევს

9 იანვარი, 2019 • 2047
ოპოზიცია “თიბისი ბანკის” საქმეს ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორებად მიიჩნევს

ოპოზიცია “თიბისი ბანკის” მიმართ გამოძიების დაწყებას ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს უკაშვირებს.

როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის ივანიშვილის შეტევა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საფინანსო ინსტიტუტზე და პირადად მამუკა ხაზარაძეზე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმ ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, სრული კონტროლი დაამყაროს სასამართლო სისტემაზე, გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობისთვის დამოუკიდებელი ფულის წყარო იყოს.

“მეორე ტურის შემდეგ, ერთი მხრივ, ვხედავთ პოლიტიკური ოპიზიციის ინფრასტრუქტურის დანგრევის მცდელობას; ამავე დროს, სასამართლო სისტემის აბსოლუტურ უზურპაციას, საკუთარ გუნდელებზე თავზე გადახტომითაც კი. მესამე მიმართულება არის არასასურველი ბიზნესმენების შევიწროება. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ დაწყებულა – გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ეცა ხაზარაძეს. რამდენიმე თვეა, საზოგადოებისთის ცნობილია, რომ ივანიშვილი პირადად უტევდა მას და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა”, – განაცხადა უგულავამ.

ფინანსური სისტემის სრული კონტროლისთვის ბრძოლაზე საუბრობს “ერთიანი ცანიონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე. დეპუტატი იხსენებს საბანკო-საფინანსო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს და ეროვნული ბანკიდან მონიტორინგის სამსახურის გარეთ გატანას.

“აგრეთვე, მოსახლეობის სავსებით სამართლიანი გულისწყრომა ბანკებისადმი კიდევ უფრო მეტად იქნა გაღვივებული ბახტაძის ჭარბვალიანობის ფილოსოფიით და ზოგადად, საბანკო რეგულირების თემის წამოწევით. ახლა მიაჩნიათ, რომ საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაამყაროს კონტროლი მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებზე და, ფაქტობრივად, ქვეყნის ერთმმართველი გახდეს. ეს ჰგავს დაახლოებით იმ სქემას, რაც პუტინმა გააკეთა. ვინმეს მოსწონს თუ არა მამუკა ხაზარაძე, ან ალერგია აქვს თუ არა ბანკებზე, მეორეხარისხოვანია. საკითხი დგას, იქნება თუ არა ქვეყანაში დემოკრატია თუ დიქტატურა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“თიბისი ბანკის” საქმეზე განცხადება გაავრცელეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”. პარტია სვამს კითხვას, თუ სად იყვნენ სამართალდამცველი ორგანოები აქამდე, თუ მათი აზრით, სერიოზული დანაშაული 2008 წელს იქნა ჩადენილი.

“თავისუფალ დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი ორგანოების აშკარა მცდელობა, იერიში მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის, საფინანსო ბაზარზე მისი გავლენის დაქვეითებისა და, შესაძლოა, მასზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით. ამასთანავე, კონტროლის გავრცელება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბანკზე, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურია და რომლის კლიენტებსაც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესორგანიზაციების მოზრდილი ნაწილი, ირიბად მაინც ნიშნავს ამგვარი კონტროლის გავრცელებას ეკონომიკისა და მოსახლეობის შესაბამის ნაწილზეც”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

პარტიის შეფასებით, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ პროკურატურის ნარატივში ფიგურირებს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის გვარიც და იერიშის ობიექტი შეიძლება ასევე გახდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის პოპულარობა ქვეყნის მოსახლეობაში დღითიდღე იზრდება.

“დაბოლოს, ვინაიდან „თიბისი ჰოლდინგი“ არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა, რასაც, თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობის განვითარების თვალსაზრისით, მიმდინარე გამოძიებას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარუმატებლად დასრულება. ეს კი შეიძლება ხელს აძლევდეს მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკის” მიმართ მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

TBC-ის საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი