ახალი ამბები

TBC-ის საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო – პროკურატურა

9 იანვარი, 2019 • 2066
TBC-ის საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, “თიბისის ბანკის” საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის მაისში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

“ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო “თიბისი ბანკის”, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას. ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე”, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს პროკურორმა სალომე ჩიქობავამ გააცნო.

მისი განმარტებით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა ,,თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს თიბისი ბანკმა აღნიშნული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M”-ის ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

როგორც პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა, საქმეზე უკვე დაკითხულნი არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქმიანობას ჩამოშორებული არიან და აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი