ახალი ამბები

თიბისი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონით დააჯარიმა

9 იანვარი, 2019 • 4820
თიბისი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონით დააჯარიმა

თიბისი ბანკის ჯგუფი (“TBC PLC”) ადასტურებს, რომ მის შვილობილ კომპანია თიბისი ბანკში ეროვნულმა ბანკმა ინსპექტირება განახორციელა 2007 და 2008 წლებში შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ინსპექცია ეჭვობს, რომ ეს ტრანზაქციები თიბისი ბანკსა და ზოგიერთ ორგანიზაციას შორის (რომლებიც ეროვნული ბანკის აზრით, თავმჯდომარესა და ვიცეთავმჯდომარესთან იყო დაკავშირებული) საქართველოს კანონმდებლობასთან, კონკრეტულად კი ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციასთან ტექნიკურად შესაბამისობაში არ მოდის.

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ამ ტრანზაქციების კანონიერება 2008 წელს უკვე გადაამოწმა და მაშინ ამას არავითარი ზომა არ მოჰყოლია. თუმცა, განცხადების მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა თიბისი ამჟამად 1 მილიონი ლარით დააჯარიმა და ამ ეტაპზე უცნობია, აპირებს თუ არა ზედამხედველი დამატებითი სანქციების დაწესებას.

განცხადების თანახმად, თიბისიმ ეს ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც მისი გადახდა შეაჩერა.

თიბისი ბანკის ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. თიბისი ბრალდებებს უარყოფს და თავისი პოზიციის დაცვას აპირებს. ჯგუფი არ ელის, რომ ეს მოვლენები მატერიალური ზარალს გამოიწვევს.

 TBC PLC ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. თიბისი ბანკი სწორედ ამ კომპანიის შვილობილია. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პროკურტაურამ  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბანკიდან დოკუმენტაცია ამოიღო.

გუშინ საღამოს მედიასაშუალებების ნაწილმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა თიბისის სანქცია დაუწესა და 1 მილიონი ლარით დააჯარიმა, ასევე, ბანკს დამფუძნებლებთან, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან “ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა”. kvira.ge-ის ცნობით, საქმე ეხება შესაძლო ფულის გათეთრების სქემას, რომელსაც პროკურატურა სწავლობს. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, პროკურატურა გამოძიებას, სავარაუდოდ, შემდეგ საქმეზე აწარმოებს:

2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე („სამგორი M“ „სამგორი თრეიდი“) „თიბისი ბანკმა“ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა „თიბისი ბანკისგან“ მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში „თიბისი ბანკმა“ ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ, შესაბამისად, უნარჩუნდებოდა ვალდებულება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორს და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისაგან. ამისთვის კი, როგორც წყარო ამბობს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს, პაატა ღაზაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია „Martello Group”, რომელმაც „თიბისი ბანკის“ დირექტორის, ვახტან ბუცხრიკიძის თანხმობით გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები „თიბისი ბანკის“ მიმართ”, – ნათქვამია kvira.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისი ბანკმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

“ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – “თიბისი ბანკს” – ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს. “თიბისი ბანკი” არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ”.

“თიბისი ბანკის” განცხადებით, ის არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული “მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს”.

“თიბისი ბანკი” ასევე აცხადებს, რომ ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად.

პროკურატურამ 8 იანვარს ბანკიდან მხოლოდ დოკუმენტების ამოღების ფაქტი დაადასტურა, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რომელ საქმეს უკავშირდებოდა აღნიშნული გამოძიება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი