ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქის აზრით, სმარტფონებზე გაზრდილი დამოკიდებულება ანტიქრისტემდე მიგვიყვანს

9 იანვარი, 2019 • 1888
რუსეთის პატრიარქის აზრით, სმარტფონებზე გაზრდილი დამოკიდებულება ანტიქრისტემდე მიგვიყვანს

ხალხის დამოკიდებულებამ სმარტფონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, შესაძლოა, ანტიქრისტეს მოსვლამდე მიგვიყვანოს – BBC-ის ცნობით, ეს განცხადება რუსეთის პატრიარქმა კირილმა გააკეთა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი კირილის ამ განცხადებას სკეპტიციზმით და იუმორით გამოეხმაურა. კირილის თქმით, გაჯეტები კაცობრიობაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობაა, ამიტომ ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ.

“ყოველთვის, როდესაც გაჯეტს იყენებ, მოგწონს ეს თუ არა, გამორთული გაქვს ლოკაცია თუ არა, ვიღაცას შეუძლია გაარკვოს, სად იმყოფები შენ, რა ინტერესები გაქვს და რისი გეშინია”, – განაცხადა კირილმა.

მისი თქმით, დღეს თუ არა ხვალ მაინც გაჩნდება შესაძლებლობები, რომ ვიღაცმ ეს ინფორმაცია არამხოლოდ მიიღოს, არამედ გამოიყენოს.

“წარმოგიდგენიათ, რა ძალა იქნება კონცენტრირებული მის ხელში, ვისაც ექნება ცოდნა, თუ რა ხდება მსოფლიოში?”. ასეთი კონტროლი, კირილის აზრით, ანტიქრისტეს მოსვლას მოასწავებს. ანტიქრისტე, კირილის განცხადებით, არის პერსონა, რომელიც მსოფლიოს ინტერნეტ-ქსელის სათავეში იდგება და კაცობრიობას გააკონტროლებს.

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, ეკლესია ტექნოლოგიური პროგრესის წინააღმდეგი არ არის და საუბრობს ისეთი სისტემის ჩამოყალიბების საფრთხზე, რომელიც ადამიანის იდენტობის კონტროლს ისახავს მიზნად.

BBC-ის ცნობით, კირილის სიტყვები რუსეთში ყველამ არ დაიჯერა და სოციალური ქსელის მომხმარებლები პატრიარქის განცხადებას არაერთი სახალისო პოსტით გამოეხმაურნენ.

პატრიარქი კირილი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. ის ამ განცხადებას აკეთებს იმ დროს, როდესაც ინტერნეტ-თავისუფლება რუსეთში შეზღუდულია და გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა დამოუკიდებელი, რუსული ინტერნეტის შექმნას გეგმავს. ამიტომ, BBC-ის ცნობით, სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილმა მის ამ განცხადებაში მთავრობის პოლიტიკური დღის წესრიგი დაინახა.

“რუსეთში საერთაშორისო ინტერნეტს აკრძალავენ, რათა ანტიქრისტე არ მოვიდეს”, – დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი