მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის სოფო ხორგუანიც იბრძოლებს

სოფო ხორგუანი, რომელიც 2007-2009 წლებში სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილედ მუშაობდა, 2019 წლის შუალედურ არჩევნებში პარლამენტში მოსახვედრად მთაწმინდის ოლქში იბრძოლებს. 2010 წელს ის იყო “ალიანსი საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის ოლქში.

2019 წლის გაზაფხულზე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები იმართება. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევამდე სწორედ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო პარლამენტში.

სოფო ხორგუანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ გადაწყვეტილება შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.

“28 ოქტომბერს ვნახე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეცვლიდან 6 წლისთავზე შედეგი იყო ის, რომ ქუჩაში პოლიცია არ დამდევს და ციხეებში პატიმრებს არ აწამებენ და არ კლავენ სისტემურად. ერთი შეხედვით, ეს არ არის ცოტა, არ არის ცოტა, როცა არ გეშინია ტელევიზიაში შეიარაღებული ხალხის შემოვარდნის. ასეთი თავისუფლება არ გვქონია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი.

28 ოქტომბერს ვნახე, რომ სასამართლო შეიძლება დამოუკიდებელია, მაგრამ არ არის სამართლიანი, არ აქვს ნდობა. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ მოჯადოებულ წრეს. ჩემი პირადი მიზანი იქნება იმის ჩვენება, თუ რა შეუძლია ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს, ერთ დეპუტატს” – უთხრა ნეტგაზეთს სოფო ხორგუანმა. მისივე თქმით, ერთი კონკრეტული დეპუტატი ვერ შეძლებს კანონების შეცვლას და სისტემურ ცვლილებებს, თუმცა ის ეცდება, თავისი აქტიურობით აჩვენოს, თუ რისი შეცვლა შეიძლება.

როგორც სოფო ხორგუანი ამბობს, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და ამ ეტაპზე არცერთ პარტიასთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას მხარდაჭერის მისაღებად.

“ბოლო წლებში ჩართული ვიყავი კერძო ბიზნესში, მაქვს ჩემი დანაზოგი და ამ რესურსის გამოყენებას ვაპირებ არჩევნებზე. გარდა ამისა, ფინანსური რესურსის როლი არჩევნებზე გაზვიადებულად არის წარმოჩენილი. მცირე ფინანსებითაც შესაძლებელია შედეგის მიღწევა, არ არის აუცილებელი დიდი ფულის დახარჯვა. ვივლი კარდაკარ, ყველას შევხვდები. ჩემი მთავარი სამიზნე იქნება ამომრჩეველი”, – ამბობს სოფო ხორგუანი. როგორც ის ამბობს, არც ადმინისტრაციული რესურსის ეშინია და არც – მის მიმართ წარმოებული შესაძლო დეზინფორმაციული კამპანიის.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც გეგმავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.