ახალი ამბებისამართალი

კობახიძეს კომიტეტზე მოსამართლეთა სიის განხილვა წლის ბოლო სამუშაო დღეს სურდა – ბესელია

8 იანვარი, 2019 • 2244
კობახიძეს კომიტეტზე მოსამართლეთა სიის განხილვა წლის ბოლო სამუშაო დღეს სურდა – ბესელია

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სურდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია 2018 წლის ბოლო პარასკევს განეხილა და სესიაზეც იმავე დღეს გასულიყო. ამის შესახებ ბესელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ბესელიას თქმით, ეს მისთვის მიუღებელი იყო.

“რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც მე ოთხშაბათს მივიღე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის თაობაზე, განაპირობა წლის ბოლო კვირას მოულოდნელად… იმ კვირას არ ველოდით, თორემ სია, რომ რაღაც დროს შემოვიდოდა ეს, რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა. ზოგადად, მოსამართლეების სიაზეა საუბარი. არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ასე ნაჩქარევად მოხდებოდა.

იყო მოთხოვნა, რომ მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის სხდომა პარასკევს დამენიშნა, წლის ბოლო სამუშაო დღეს, და კომიტეტის სამუშაო დღის წესრიგში უნდა ჩამესვა ეს საკითხი”, – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ეს მოთხოვნა პირადად მას პარლამენტის თავჯდომარემ გააცნო.

“პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევს და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო”, – ამბობს ბესელია.

მისივე თქმით, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ეს სია, ფორმა, რომ მისი განხილვა წლის ბოლოს, სამუშაო დღეს ხდებოდა, მისთვის მიუღებელია. ბესელია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია სიაში მოცემული სახელები და გვარებიც. მისი თქმით, თავის დროზე ადვოკატობიდან პოლიტიკაში სწორედ იმის გამო წავიდა, რომ მართლმსაჯულება არ არსებობდა ქვეყანაში, სიაში კი ძალადობრივ სისტემასთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანები არიან. ბესელიას თქმით, თავის დროზე ქუჩაში გამართულ აქციებზე არ ახსოვს ის ადამიანები, რომლებიც მას ახლა უპირისპირდებიან ამ სიის საკითხზე.

“2016 წელს ძალიან ადვილია გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე. სხდომის გამართვის პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი”, – ამბობს ბესელია.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ თავისი პოზიციის თაობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძესთანაც და ბიძინა ივანიშვილთანაც. ბესელია არ აკონკრეტებს, რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ზოგადად ამ სიასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ ეკა ბესელიას პროტესტის მიზეზი მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხია. კობახიძის თქმით, ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან სულ სხვა მიზეზების გამო გადადგა, რაც მათი შიდა სამზარეულოა.

ეკა ბესელია კი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცრუობს და დაპირისპირების საგანი სწორედ სასამართლოს საკითხია. მისი თქმით, გუნდშიც და მის გარეთაც ბევრმა იცოდა მისი სკეტიკური დამოკიდებულება მართლმასჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და მის, როგორც ბარიერის, ჩამოშორებას დიდი ხანია ცდილობდნენ. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება მისი კომიტეტიდან ვიცესპიკერად გადაყვანის იდეა, რომელიც ვერ განხორციელდა. ბესელია დარწმუნებულია, რომ ეს იდეა ირაკლი კობახიძისგან მოდიოდა, თუმცა არ ამბობს, უშუალოდ ვინ შესთავაზა გასულ წელს კომიტეტიდან სპიკერატში გადანაცვლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი