ახალი ამბები

ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, მიულოცავს თუ არა მთავრობა უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიას

7 იანვარი, 2019 • 3848
ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, მიულოცავს თუ არა მთავრობა უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიას

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, საქართველოს ხელისუფლება აპირებს თუ არა უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვას.

ბახტაძეს დღეს, 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალიატებმა დაუსვეს კითხვა, მთავრობის წარმომადგენლები როდისთვის აპირებენ და თუ აპირებენ საერთოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მილოცვას და რატომ გვიანდება ეს მილოცვა.

“მე ყველა მართლმადიდებელს, ყველა ქრისტიანს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენმა დედა ეკლესიამ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ეს ყველასთვის იყო ღია”, – განაცხადა საპასუხოდ ბახტაძემ.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მილოცვის თაობაზე განმეორებით შეკითხვაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ “არსებობს კანონიკური ურთიერთობები, რომელიც დადგენილია”.

“ამის შესახებ გაკეთდა კომენტარი. მე კიდევ ერთხელ მსურს, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო შობის დღესასწაული”, – თქვა ბახტაძემ.

უკრაინისთვის მილოცვისგან თავი შეიკავა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც:

“ამ საკითხზე ჩვენ გვექნება საუბარი პატრიარქთან, საპატრიარქოსთან. ამ საკითხზე ასეთ ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”.

საქართველოს ხელისუფლება ამ თავშეკავების გამო გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.  მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია დღევანდელის მსგავსად, სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი