ახალი ამბები

გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას – ეკა ბესელია საქართველოში დაბრუნდა

7 იანვარი, 2019 • 2320
გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას – ეკა ბესელია საქართველოში დაბრუნდა

ბევრი თანამოაზრე მყავს, – განუცხადა დღეს სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიაზე მისულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს. დეპუტატი ლონდონიდან რამდენიმედღიანი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა. საქართველოში არყოფნის პერიოდში დაძაბულობა ბესელიასა და “ქართული ოცნების” წევრთა ნაწილს შორის კიდევ უფრო გამძაფრდა.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა ის “ქართული ოცნების” რიგებს, ბესელია კითხვითვე პასუხობს: “რატომ ესე არის საქმე?”

“ხვალ ვისაუბროთ. მე მაქვს სიკეთის მოლოდინი და დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ. გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ, ამაზე ვისაუბრებ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ  27 დეკემბერს გააკეთა. მანვე თქვა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა გადადგომაზე განცხადება დაწერა. როგორც ბესელიამ თქვა, ის ვერ დაუშვებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა ზარდიაშვილს შეესრულებინა.

ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელებას დაუკავშირა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საჯაროდ გაცხადებული მიზეზი, რის გამოც ქართულ ოცნებაში ბოლო პერიოდში დაპირისპირება გამწვავდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ეს რეალური მიზეზი არ არის და ბესელიას კომიტეტის დატოვება ჯერ კიდევ თვეების წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.

31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ მას უნდა შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობა ბესელიას გადადგომის შემდეგ. ფოფხაძის არჩევის გამო ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს თანაგუნდელებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიას საქართველოში არყოფნის პერიოდში, 3 იანვარს, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია გედევან ფოფხაძე. ბესელია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგლამენტის დარღვევით მოხდა, რასაც მისი თანაგუნდელების ნაწილი არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი