ახალი ამბები

“სამწუხაროა, რომ მთავრობამ უკრაინას არ მიულოცა ავტოკეფალიის მიღება” – ბაქრაძე

7 იანვარი, 2019 • 2464
“სამწუხაროა, რომ მთავრობამ უკრაინას არ მიულოცა ავტოკეფალიის მიღება” – ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაონას ავტოკეფალიის მიღება არ მიულოცა.

როგორც ბაქრაძემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ეკლესიას, უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესია.

“მინდა, მათ მივულოცო ეს ძალიან სერიოზული მოვლენა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ და ხელისუფლებამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ირაკლი კობახიძემ საშობაო წირვის დასრულების შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ მიულოცა მთავრობამ უკრაინას ავტოკეფალიის მიღება: “ამ საკითხზე ჩვენ გვექნება საუბარი პატრიარქთან, საპატრიარქოსთან. ამ საკითხზე ასეთ ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”.

რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას და მის საბოლოო ვერდიქტს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით, ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ “როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, მოფიქრებული და ისეთი, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კამონმდებლობასაც”.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია დღევანდელის მსგავსად, სტამბოლის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

უკრაინის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი