განცხადება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოში დღეს არსებული სიტყვის თავისუფლების პრაქტიკა უარყოფითად არის შეფასებული. პატრიარქის მოსაზრებით, სიტყვის თავისუფლებით “ბოროტად სარგებლობენ”:

“არის დიდი მცდელობა, რომ სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა. თავისთავად, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს, და ნანახისა და ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს თავდაპირველად მაინც შეცდომაში შეიყვანს. ამის მოქმედთ ალბათ ჰგონიათ, რომ რაკი სხვაზე ფიზიკურად არ ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ, ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია, არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა სიკვდილის ტოლფასი. ამასთან, არცერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე”, – ნათქვამია ილია მეორის 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში.


ცილისწამების დეკრიმინალიზების ისტორია საქართველოში

ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონი მიიღეს. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში ცილისწამების დეკრიმინალიზება სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წელს ცილისწამების კრიმინალიზებასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ცილისწამების ბრალდებით და მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს, ცილისწამების კრიმინალიზება მათ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია. რეზოლუციის თანახმად, გადადების გარეშე უნდა გაუქმდეს ისეთი კანონების მოქმედება, რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელად პატიმრობას ითვალისწინებს, რადგან ეს იწვევს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. 

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ განაცხადა, რომ პრესა ასრულებს მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მისი მოვალეობაა საკუთარ პასუხისმგებლობებთან შეთავსებით, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საკითხის შესახებ. ჟურნალისტური თავისუფლება ასევე ფარავს გაზვიადებას ან, თუნდაც, პროვოკაციას. 

ცილისწამების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეუძლია სამოქალაქო წესით იჩივლოს ცილისწამებისთვის და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში თავად მომჩივანზეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.