ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს

6 იანვარი, 2019 • 7949
გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც გეგმავს. ნეტგაზეთი გრიგოლ გეგელიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა.

როგორც გრიგოლ გეგელიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ის აპირებს შეუპოვარ ბრძოლას სახალხო და პრინციპული პოლიტიკის მომხრე ადამიანებთან ერთად.

გრიგოლ გეგელია ბოლო რამდენიმე წელია მედიასა და საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობს. იგი მთავარი ანალიტიკური გადაცემებისა და სატელევიზიო დებატების ხშირი სტუმარია.

გეგელია არსებულ პოლიტიკურ ელიტებს აკრიტიკებს. ის თავის გამოსვლებში მთავარ აქცენტს სოციალური სამართლიანობის საკითხებზე სვამს.

ისტორიკოსს განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. იგი ამჟამად ფლორენციის უნივერსიტეტში იდეების ისტორიის მიმართულებით დოქტორობის კანდიდატია.

მთაწმინდის ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, რომლის სასარგებლოდაც მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი მაშინაც არ წარადგინა. იგი 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. პარლამენტი პრეზიდენტს უახლოეს სხდომაზე დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვიტავს. სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში გაზაფხულზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი