ახალი ამბები

ჩემი საქმის მოწმეებზე ზეწოლა მიდის – ზაზა სარალიძე

4 იანვარი, 2019 • 2016
ჩემი საქმის მოწმეებზე ზეწოლა მიდის – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის გამყოფილებაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც შვილმკვადრი მამების აქციის მონაწილეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევას ითხოვენ.

ზაზა სარალიძის თქმით, საქმე ეხება გუშინ, 3 იანვარს მომხდარ შემთხვევას, როდესაც პარლამენტის შენობის წინ კარვების აქციის მონაწილეებთან მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი პირი, რომელთაგან ერთი, სარალიძის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის  საპატრულო პოლიციის განყოფილების უფროსი გიორგი გადელია იყო და უთხრა, რომ ზაზა სარალიძეს, მის ძმას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, ირმა სიმონიშვილსა და ნუგზარ კუჭაშვილს ხულიგნობისთვის დაიჭერდნენ.

“გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასაბუთებს, რომელი განყოფილების: საპატრულო, კრიმინალური თუ სხვა. ჩამოთვალა აქციის ორი მონაწილე, მე, ჩემი ძმა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავევეკავებინეთ. 11 სექტემბრიდან მოყოლებული დაწყებულიაო გამოძიება. 11 სექტემბრიდან იმდენი ფაქტი მოხდა, იმდენი დარღვევა ჩვენს მიმართ და შეხლა-შემოხლა, რომ რომელ ფაქტთან დაკაშირებით არის ძიება დაწყებული, გაურკვეველია. პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დაგიჭიროთო, ამის გასარკვეავად ვარ მოსული პოლიციაში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ირმა სიმონიშვილი და ნუგზარ კუჭაშვილი მთავარი მოწმეები არიან ზაზა სარალიძის მიმართ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღძრულ საქმეზე. შესაბამისად, ზაზა სარალიძე ვარაუდობს, რომ პოლიციელის გუშინდელი ვიზიტი მოწმეებზე ზეწოლას ისახავდა მიზნად.

“ეს იყო პირდაპირ მოწმეებზე ზეწოლა პოლიციელების მხრიდან. მიდის ამ მოწმეებზე ზეწოლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ  მიზანი იყო, მოწმეებს შეეშინდეთ და შეცვალონ ჩვენებები. ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ განაცხადი და დაველოდოთ, რა რეაგირებას გააკეთებს პოლიცია”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დაჰპირდნენ, რომ საქმის ვითარებას მოიკვლევენ.

“პოლიციაში როცა მიდიხარ, ყოველთვის გპირდებიან: აუცილებლად მოვიკვლევთ, მაგრამ რამდენად მოიკვლევენ, ეგ არის საკითხავი”, – დასძინა სარალიძემ.

სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი შსს-სგან ითხოვენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გამოძიება მიმდინარეობს 11 სექტემბრიდან (კარვების პირველად გაშლის ფაქტიდან).  ამასთან, ადვოკატის თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების გამოცხადება აქციის მონაწილეებთან, რომელთაც თავი არ წარუდგენიათ, სამსახურებრივი მოწმობა არ უჩვენებიათ და ხულიგნობის მუხლით დაკავების დაანონსება დარღვევას წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი