ახალი ამბები

თურქეთის ორი მოქალაქე ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს

4 იანვარი, 2019 • 2067
თურქეთის ორი მოქალაქე ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500-ევროიანი კუპიურები გაასაღეს. ბრალდებულების დაკავებისას დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი