ახალი ამბები

ეკა ბესელია ფრაქცია “ქართულ ოცნებას” რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს

4 იანვარი, 2019 • 1937
ეკა ბესელია ფრაქცია “ქართულ ოცნებას” რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს

დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას პარლამენტის რეგლამენტის უხეშ დარღვევად აფასებს.

ბესელიას თქმით, ფრაქციას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.

“დღეს რაც მოხდა ფრაქციის მხრიდან, პოლიტიკური შეცდომის გარდა, რეგლამენტის ძალიან უხეში დარღვევა იყო. კომიტეტის თავმჯდომარის არჩეული პირველი მოადგილის, გედი ფოფხაძის უკან გაწვევის უფლება ფრაქციას არ ჰქონდა. მდინარაძემ უხეშად დაარღვია კანონი. გაგა კახიანი დუმს ამაზე?” – წერს ბესელია სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, დღეს გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც “ქართული ოცნების” წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს, გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა პროცედურული დარღვევებით და გუნდთან შეუთანხმებლად მოხდა.

“პარლამენტის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძის გაწვევის ორი მიზეზი დაასახელა. ერთი არის პროცედურული დარღვევები, რის თაობაზეც ფრაქციას გაგა კახიანმა მოახსენა. მან დაადასტურა, რომ მოადგილის არჩევის დროს პროცედურა უხეშად დაირღვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ასევე პოლიტიკური მიზეზი, რომ   ეს გადაწყვეტილება ფრაქციასთან და უმრავლეოსბასთან შეუთანხმებელი იყო”, – განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ  27 დეკემბერს გააკეთა. მანვე თქვა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა გადადგომაზე განცხადება დაწერა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ვერ დაუშვებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა ზარდიაშვილს შეესრულებინა. 

ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელებას დაუკავშირა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საჯაროდ გაცხადებული მიზეზი, რის გამოც “ქართულ ოცნებაში” ბოლო პერიოდში დაპირისპირება გამწვავდა.

31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ მას უნდა შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობა ბესელიას გადადგომის შემდეგ. ფოფხაძის არჩევის გამო ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს თანაგუნდელებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის შემდეგ, დღესვე, პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ მიერ დათმობილი კვოტით – პარლამენტის წევრის გოგა გულორდავას, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ კუთვნილი კვოტით ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის გაწევრიანების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი