ახალი ამბები

“ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

3 იანვარი, 2019 • 2377
“ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 3 იანვარს, თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

“ფრაქციამ ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გამომიწვიოს იურიდიულ კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას დავიკავებ. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება. მე ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ საკითხი არის იმის თაობაზე, ვინ სად იქნება პირველი მოადგილე, თავმჯდომარე თუ სხვა, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების  შერჩევის პროცესს. გედი ფოფხაძე თუ საერთოდ არ იქნება პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება და არც გედი ფოფხაძეს არაფერი მოუვა”, – განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე არ აკონკრეტებს, რჩება თუ არა “ქართული ოცნების” გუნდის წევრად, თუმცა ამბობს, რომ ფრაქციის დღევანდელ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

“მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რაც სათქმელია, ყველაფერი ბოლომდე ითქმება. მე არ მომწონს ეს წესი, რომ “ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღო”, – განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, ის ვერ ხვდება, რატომ იყო საჭირო საახალწლოდ მსგავსი გარემოს შექმნა – მოსამართლეების თემის განხილვა, ურთიერთობების დაძაბვა გუნდში და ა.შ.

რაც შეეხება ეკა ბესელიას საკითხს, ფოფხაძის თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ ვინაიდან ბესელია ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, მასზე არ ესაუბრათ. თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღო ფრაქციამ, ფოფხაძის თქმით, ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძე ისაუბრებს.


ეკა ბესელიამ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ  27 დეკემბერს გააკეთა. მანვე თქვა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისივე პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა გადადგომაზე განცხადება დაწერა. როგორც ბესელიამ თქვა, ის ვერ დაუშვებდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა ზარდიაშვილს შეესრულებინა. 

ეკა ბესელიამ თავისი გადადგომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების დასახელებას დაუკავშირა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი საჯაროდ გაცხადებული მიზეზი, რის გამოც ქართულ ოცნებაში ბოლო პერიოდში დაპირისპირება გამწვავდა.

31 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. სწორედ მას უნდა შეესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობა ბესელიას გადადგომის შემდეგ. ფოფხაძის არჩევის გამო ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს თანაგუნდელებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი