ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ოფისში ფრაქციის სხდომა ივანიშვილის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს

3 იანვარი, 2019 • 2028
“ქართული ოცნების” ოფისში ფრაქციის სხდომა ივანიშვილის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს

პარტია “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხდომაზე ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი განიხილება, თუმცა აღნიშნეს, რომ დღის წესრიგს პარტიის თავმჯდომარე წარმოადგენს.

“პარტიის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და შემოთავაზებული დღის წესრიგის მიხედვით მოგვიწევს მუშაობა. დაველოდოთ მოვლენებს, რა საკითხები განიხილება და მერე ვიმსჯელოთ. არ არის ჩემი დღევანდელი მიზანი, რომ ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე. ეს არ არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე და ამის მერე მოგვიწევს მსჯელობა საკითხებზე. ის საკითხი რაც არ დამდგარა, არ შეიძლება წინასწარ იყოს განხილვის საგანი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ეკა ბესელიას პარტიიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კონკრეტულ პერსონებზე საუბრისგან თავი შეკავა, თუმცა გუნდურობის წესის დაცვაზე გააკეთა აქცენტი დიმიტრი ხუნდაძემ.

“პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტული დეტალები ფრაქციაზე იქნება განხილული. გუნდის მთავარი წესი – გუნდურობა – გუნდის თითოეულ წევრს ეხება. ამიტომ გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესი იყოს დაცული”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გუშინ ექსპერტმა გია აბაშიძემ, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” დღეს ეკა ბესელიას გარიცხვის თაობაზე იმსჯელებდა. თავად ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის ამბობს, რომ საქართველოში არ იმყოფება და 6 იანვარს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი