2018 წლის ადამიანები – ინტერვიუ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძესთან

ნეტგაზეთი წლის ადამიანებად მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ასახელებს. მამები, რომლებიც შვილების მკვლელობის სრულყოფილად გამოძიების მოთხოვნით მთელი წლის განმავლობაში აქციებს მართავდნენ, თავიანთი პრინციპულობითა და შეუპოვრობით 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ.

სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ბრძოლა გაცილებით მეტია, ვიდრე ორი ცალკეული ადამიანის სურვილი, იპოვონ სამართალი მოკლული შვილების საქმეებზე.  მათ საქმეებზე გადის დღეს ქვეყანაში ბრძოლის ხაზი კანონის უზენაესობისა და სამართლიანობისთვის.

შვილების მკვლელობის სრულყოფილი გამოძიების გაჭიანურებამ, ხელისუფლების ქმედებებმა (ან უმოქმედობამ), ასევე, მათი მოთხოვნების პასუხად მათსავე წინააღმდეგ წარმოებულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ გააშიშვლა რეალობა – თუ რამდენად რთულია ერთი კონკრეტული ადამიანისთვის სისტემასთან დაპირისპირება.

მაჩალიკაშვილსა და სარალიძეს თვეების განმავლობაში უზღუდავდნენ კანონიერ უფლებას და პარლამენტის წინ კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ, ამიტომაც მათი ბრძოლა ასევე იქცა ბრძოლად გამოხატვის თავისუფლებისთვის. ბრძოლის ეს ნაწილი მოიგეს –  საბოლოოდ, კარვები მაინც გაიშალა, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ ახლა თავად ზაზა სარალიძე არის განსასჯელის სკამზე – მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, ის ამბობს, რომ უთვალთვალებენ საქართველოში და პრობლემებს უქმნიან საზღვარგარეთ გადაადგილებისას. 

31 დეკემბრის ღამეს, როდესაც ბევრი ჩვენგანი საკუთარ სახლებში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სუფრასთან კიდევ ერთხელ იზეიმებს ახალ წელს, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ისევ კარავში იქნებიან, სამართლის აღსრულების მოლოდინში.

ნეტგაზეთის გადაწყვეტილება არის იმის ხაზგასმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანის როლი საზოგადოებისთვის, მოიპოვოს და შეინარჩუნოს კანონის უზენაესობა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, ანგარიშვალდებული მმართველობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ინტერვიუს მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან

ნეტგაზეთი: როგორ შეაფასებდით თქვენი ბრძოლის ერთ წელს და იმ გამოხმაურებებს, რაც ხელისუფლებისგან მიიღეთ? რა დაგანახათ ამ ერთწლიანმა პერიოდმა?

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ ერთ წელიწადში საზოგადოებამ, საქართველოში მაცხოვრებელმა ყველა ერმა, ქართველების თამადობით, დამანახა ძალიან დიდი თანადგომა, პატივისცემა და ენით აღუწერელი გვერდში დგომა;

მეორე მხრივ, სახელმწიფომ დამანახა ის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი – ყველანაირი სიბინძურე; ის, რომ არ გააჩნიათ ადამიანობის რესურსები; ყველაზე ბოლოს, როდესაც ევროპაში მივდიოდი, რათა რამენაირად გამეტანა ჩემი სიმართლე, იქაც კი შეძლეს, ბინძური ჭორები მიეწოდებინათ და ჩემი საზღვრების გარეთ გასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენი ძალისხმევის, წვალების შემდეგ, იქაც ასე მომექცნენ და უკან გამაბრუნეს.

ზაზა სარალიძე: ამ ერთწლიანმა პერიოდმა დამანახა, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არაფრად არ მიაჩნია ადამიანები, ადამიანების უსაფრთხოება და არც სამართალი. ეს ფაქტია იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც არ არის არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული არამარტო ჩემს საქმეზე. მით უმეტეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე საერთოდ ძვრები არ არის. ჩემი შვილის საქმეში მოჩვენებით მაინც აკეთებენ რაღაცებს, – ბავშვებს იბარებენ დასაკითხად, მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საერთოდ არაფერი არ არის გაკეთებული.

ნეტგაზეთი: თქვენი პროტესტი, როგორც თავადაც ამბობთ, არ არის მხოლოდ თქვენი პროტესტი. რას გულისხმობთ ამაში?

მალხაზ მაჩალიკაშილი: დიახ, ეს მხოლოდ ჩემი და ზაზას პროტესტი არ არის. ეს იმიტომ არის ყველას პროტესტი, რომ შემდგომში არ ჩაიდინონ დანაშაული, როგორც პანკისის ხეობაში, ისე – საქართველოს სხვა კუთხეებში; რათა დანაშაული არ მოხდეს, ქუჩებში არ დახოცონ ბავშვები, ხელისუფლებამ თვალი არ დახუჭოს, დანაშაულის ჩამდენებს ხელი არ დააფარონ.

მე და ზაზა მარტონი რომ ვრჩებით ხოლმე, სულ ამაზე ვსაუბრობთ – მე და შენ, თემირლანისა და დათუჩას პატივსაცემად, ახალგაზრდებს როგორმე გზა უნდა გავუხსნათ; მშობლებმა არ უნდა იგრძნონ ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ; ახალგაზრდები დაცულები უნდა იყვნენ, უნდა ჰქონდეთ მომავალი, არ უნდა იხოცებოდნენ; მძინარე ბავშვებს არ უნდა კლავდნენ, არ უნდა კლავდნენ ქუჩაში; შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ეს უნდა იქნას აღიარებული და გამოძიებული.

ზაზა სარალიძე: ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც ეძებს სამართალს და ვერ პოულობს. ფაქტია, რომ ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამს ამ ადამიანების დასაცავად. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – იმ ადამიანების, ვინც ჩვენ შემოგვიერთდა, არავის საქმეზე დღესაც არაა ჭეშმარიტება დამდგარი.

ნეტგაზეთი: როგორ იპოვეთ ძალა, რომ ასე საჯაროდ დაპირისპირებოდით სისტემას?

მალხაზ მაჩალიკაშვილი: სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია ასე ყოფნა, მაგრამ მე ის ადამიანები მმატებენ ძალას, რომლებიც მოდიან და, გინდა ხელის ჩამორთმევით, გინდა ინტერნეტ სივრცეში მამხნევებენ. ეს ყველაფერი ძალას მაძლევს.

ყველაზე მთავარი, მგონი, ღვთისგან მოდის, ღვთის ძალით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს ვერ ავხსნით, რაც გულში და სულში ტრიალებს… ამას არა აქვს ახსნა…

ზაზა სარალიძე: ამას ძალას ვერ დავარქმევდი. ჩვენ ჩვენი შვილების გამო ვიბრძვით, რომლებიც დაგვიხოცეს და რომლებიც იმსახურებდნენ არამარტო ცხოვრებას, არამედ სამართლიან ცხოვრებას, ცხოვრების შემდეგ კი – სამართალს. შვილები გვაძლევენ იმის ძალას, რომ ვიბრძოლოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. აუცილებლად უნდა დადგეს სამართალი, რომ თავაწეულებს შეგვეძლოს მათთან წასვლა.

ნეტგაზეთი: ორივე თქვენგანი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე სხვადასხვა მედიასა თუ სოციალურ ქსელში. ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყეს ტერორისტული აქტის მუქარის ბრალდებით; ზაზა სარალიძეს კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან; როგორ მოქმედებს ეს თქვენზე?

ზაზა სარალიძე: თავიდან მართლა ვბრაზდებოდი, – რაც არა ვარ და რაც ჩემი ოჯახი არ ყოფილა, ისეთ ბრალდებებს რომ ისროდნენ. მაგრამ შემდეგ, სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე – ეს იყო ნარატივი ხელისუფლებისგან, რომ ტალახში ამოვესვარეთ და საზოგადოებას ზურგი ექცია ჩვენთვის ამ დეზინფორმაციების გამო. მაგრამ რაც უნდა ტალახი გვესროლონ, მაინც ვერ მიაღწევენ, რომ უკან დავიხიოთ, სანამ ჭეშმარიტება არ იქნება აღდგენილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ახლახანს ვფიქრობდი, ნეტავ, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი… მე არა მარტო საქართველოს სახელმწიფო, არამედ მთელი მსოფლიო დამიპირისპირდა. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, “დამიპირისპირდა” კი არა, დამიპირისპირეს. საქართველოს ხელისუფლებამ მთელი მსოფლიო დამიპირისპირა. რითი? ტყუილებითა და ჭორებით. ნუთუ არ უნდა ჰქონდეს ერთი პროცენტი ადამიანობაც, რომ სიმართლე თქვან და ამდენი სიბინძურე არ დამიპირისპირონ? მე ხომ ერთი ვარ, უბრალო ადამიანი და ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ ამდენი რესურსი როგორ უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ?

ეს ამბები ჩვენზე მძიმედ მოქმედებს, მაგრამ მე და ზაზა ვუგებთ ერთმანეთს, გვესმის ერთი-მეორის. მარტონი რომ აღმოვჩენილიყავით, მგონი, ამის გადატანა შეუძლებელი იქნებოდა და ადამიანი ვერც გადაიტანდა. სახელმწიფო პირდაპირ დამეჯახა და მებრძვის. რომ ვუფიქრდები, ამას მხეციც ვერ გადაიტანდა. ერთად რომ ვდგავართ და ერთმანეთის პატივისცემა, გაგება და ურთიერთსიყვარული გვაქვს, ალბათ, ეს გვაძლევს ამ ყველაფრის გადატანის ძალას.

ნეტგაზეთი [ზაზა სარალიძეს]: რომ მოხდეს ისე, რომ უშუალოდ თქვენი მოთხოვნები დააკამყოფილონ და მის საქმესთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოგვარდეს, ამ ბრძოლაში დარჩება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი მარტო?

ზაზა სარალიძე: სანამ ყველა დამნაშავე არ იქნება დასჯილი, მანამდე ჩემი შვილის საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგება. მარტო არავინ არ დარჩება იქიდან გამომდინარე, რომ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დამდგარი.

იხილეთ ამბები ამავე თემაზე:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი