ახალი ამბებიეკონომიკა

როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

29 დეკემბერი, 2018 • 6147
როგორ ითვლიან საშუალო ხელფასს საქართველოში – მხარეთა დამატებითი არგუმენტები

სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოეხმაურა ნეტგაზეთის სტატიას საშუალო ხელფასების შესახებ. საქსტატიდან მოგვწერეს, რომ საშუალო ხელფასის შესახებ კვლევის რეპრეზენტატულობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მათ მცდარი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და, მათივე პოზიციით, სტატიაში არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულების სახელფასო შემოსავლების მასშტაბები გადაჭარბებულია;

ამასთან, საქსტატი აცხადებს, რომ იზიარებს სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას — მედიანური ხელფასის მაჩვენებელი სურათის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

ნეტგაზეთმა 25 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით, “რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი”, სადაც ცდილობდა გაერკვია, საქსტატი რა მონაცემებზე დაყრდნობით ასახელებდა საშუალო ხელფასად 1 125 ლარს.

მეორე დღეს რედაქციას დაუკავშირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო სტატიაში გამოთქმული მოსაზრებებისთვის დამატებითი პასუხის გაცემის თხოვნით. ნეტგაზეთმა გადაწყვიტა, საქსტატის პასუხი დამატებით დეტალებთან ერთად გამოაქვეყნოს.

საშუალო ხელფასის მედიანური მეთოდით გაანგარიშება

ამჟამად საქართველოში ხელფასებს საშუალო არითმეტიკული მეთოდით ითვლიან, როდესაც არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა; დეტალებისთვის გაეცანით ნეტგაზეთის პირველ სტატიას ამ საკითხზე.

საქსტატი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელფასის მედიანურად დათვლა სურათის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იძლევა, როდესაც ხელფასის სიდიდეებს შორის განსხვავება არსებითია.

თუმცა აქ, როგორც აგვიხსნეს, ძირითადი სირთულეები რესპონდენტებისგან — კვლევის მონაწილე საწარმოებისგან და ორგანიზაციებისგან — დეტალიზებული მონაცემების მიღებას უკავშირდება.

როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, საქსტატი ხელფასების შესახებ მონაცემებს იღებს არა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან, არამედ დამოუკიდებელი კვლევიდან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ მონაცემებს; თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც მედიანური ხელფასის გამოსათვლელადაა საჭირო, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

“შესაბამისად, საქსტატი მედიანური ხელფასის მაჩვენებლის გაანგარიშების შესაძლებლობებს განიხილავს რესპონდენტებზე (სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტებზე) დამატებითი ტვირთის და ხარისხიანი მონაცემების მიღების შესაძლებლობების გათვალისწინებით”, — აცხადებს საქსტატი

არაფორმალური ეკონომიკის ზომა

საქსტატი სტატიაში გამოთქმულ სხვა მოსაზრებებს არ ეთანხმება. მაგალითად, ამბობს, რომ “არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულების სახელფასო შემოსავლების მასშტაბები გადაჭარბებულია”;

ნეტგაზეთი სტატიაში ციტირებდა სპეციალისტებს, რომელთა თანახმადაც, არაფორმალური ეკონომიკის სიძლიერის ფონზე ჩნდება ეჭვი, რომ საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემები რეპრეზენტატული არ არის; ამის შემდეგ ნეტგაზეთს ნახსენები ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) 2018 წელს მომზადებული პუბლიკაცია საქართველოს ეკონომიკაში არაფორმალური სექტორის 64%-იანი წილის შესახებ.

საქსტატიდან მოგვწერეს, რომ ეს მონაცემი “მნიშვნელოვნადაა აცდენილი რეალობას, გამოხატავს მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის პირად მოსაზრებებს და არ წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ პოზიციას”. მათ თანახმად, “64%-იანი მაჩვენებლის აბსურდულობას უშუალოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებიც ადასტურებს, რადგან მის მიერ საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილის შეფასების ყველაზე მაღალი დონე 90-იან წლებში დაფიქსირდა და 40%-ის ფარგლებში განისაზღვრა. 90-იან წლებთან შედარებით კი არაფორმალური ეკონომიკის წილის ცვლილების მასშტაბები ნათელი უნდა იყოს”.

კვლევაში, რომელიც ნეტგაზეთს ციტირებული ჰქონდა, ნამდვილად წერია, რომ იგი IMF-ის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს, თუმცა სტატიაში არ გვეწერა, რომ აღნიშნული კვლევა IMF-ის ოფიციალური კვლევაა, — გვეწერა, რომ ის IMF-ისთვის იყო მომზადებული;

ამასთან, იქვე მოცემული იყო საქსტატის 2015 წლის ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა საქართველოს მშპ-ის 10.3% იყო.

თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რა არის ამ ორ მონაცემს შორის განსხვავების მიზეზი, — თუნდაც მხოლოდ საქსტატის მონაცემი (10.3%) ავიღოთ — გარემოება, რომ ეკონომიკის გარკვეული ნაწილი ოფიციალურად დეკლარირებული არ არის, საქსტატის საბოლოო პროდუქტში ნახსენები არ არის, — ეს გარემოება გათვალისწინებული არ არის და კვლევის ლიმიტად არ განიხილება.

“ზუსტი შეფასება”

სტატიაში ვციტირებდით ერთ-ერთ რესპონდენტს, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსს, თამთა მარიდაშვილს, რომლის თანახმადაც: “თუ მაინცდამაინც ასე შეაფასებს სტატისტიკის სამსახური, იქვე უნდა დასძინოს, რომ არ არის გათვალისწინებული ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც აქვს დიდი წილი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორი შეფასება ან .. ვორდინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მასმედიის მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდება არ მოხდეს საზოგადოებისათვის”;

ვციტირებდით კიდევ ერთი რესპონდენტის, სოციოლოგი ქეთი სართანიას სიტყვებს, რომლის თანახმადაც: “საქსტატს მონაცემების მოპოვების პრობლემები აქვს, რადგან ბევრ სფეროს ვერ აღრიცხავს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ზუსტი მონაცემები არ აქვთ, არამედ ის, რომ ის არასოდეს არ საუბობს ამ პრობლემაზე”.

ამაზე პასუხად საქსტატმა მოგვწერა, რომ ხელფასების გამოკვლევის მიზანი არის ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ხელფასების შესწავლა; მათი თქმით, ის, რომ გამოკვლევის ობიექტს დაქირავებულთა საშუალო ნომინალური ხელფასები წარმოადგენს — ე.ი. გამოკვლევა ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შრომით შემოსავლებს ასახავს — თავად გამოკვლევის სათაურშია მოცემული; შესაბამისად, მათი პოზიციით, საქსტატს მცდარი ინფორმაცია არ გაუვრცელებია:

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ გამოკვლევიდან მიღებული მონაცემები ხელფასების შესახებ ეყრდნობა საწარმოების და ორგანიზაციების მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ამასთან, საქსტატში აღნიშნულ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან ერთად, მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.

მეორეს მხრივ, სტატიაში ნახსენები ძიძების და რეპეტიტორების ხელფასები, რაც სცილდება გამოკვლევის მიზნებს (ფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთა ხელფასების დონის ასახვა); გარდა ამისა, არაფორმალურ სექტორში მომუშავეთა შემოსავლები ასახულია შინამეურნეობის კვლევებიდან მიღებულ მონაცემებში. შესაბამისად, ძიძების, რეპეტიტორების და არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა მიერ სახელფასო შემოსავლების მასშტაბების წარმოდგენა სტატიაში არსებითად გადაჭარბებულია.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვითდასაქმებულებს წარმოადგენს (მაგ., სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, ტაქსის მძღოლები, არაფორმალური სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი მუშები და ა.შ.). შესაბამისად, მათი შემოსავლები არ კლასიფიცირდება ხელფასის სახით”, — მოგვწერეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან.

კვლევის შერჩევა

საქსტატის თანახმად, “ხელფასების გამოკვლევა ეფუძნება სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა მონაცემებს, შესაბამისად გამოკვლევის შერჩევის არსებითი ზომიდან გამომდინარე, მისი რეპრეზენტატულობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს”.

შერჩევა, როგორც რაოდენობრივი კვლევის მეთოდების შესახებ სახელმძღვანელოშია განმარტებული, არის შესასწავლი ერთობლიობიდან (ანუ პოპულაციიდან) სხვადასხვა ერთეულის (ამ შემთხვევაში — საწარმო-ორგანიზაციების) არჩევის პროცესი ისეთი გზით, რომ მიღებული შედეგების მთლიან პოპულაციაზე განზოგადება იყოს შესაძლებელი.

ნეტგაზეთის დამატებით კითხვებზე შერჩევასთან დაკავშირებით საქსტატში განგვიმარტეს, რომ შერჩევის ჩარჩოდ [ანუ იმ ბაზად, საიდანაც მონაცემებს იღებენ] განსაზღვრული იყო ბიზნეს რეგისტრი, რომლის განახლება ხდება უწყვეტად”; შერჩევის ზომა კვარტალური კვლევისთვის 15 000 იურიდიული პირია, წლიურისთვის კი — 18 000;

საქსტატის თანახმადვე, ეს რიცხვი [ჩვენ შემთხვევაში 15 000] მოიცავს ყველა საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო/დაწესებულებას, ყველა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ საწარმოს და ორგანიზაციას, გარდა P (შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა, დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის) და Q (ექსტერიტორიული ორგანიზაციები) სექციებისა;

თუმცა, მათივე განმარტებით, ეს რიცხვი არ მოიცავს ბაზრებსა და ბაზრობებზე საცალოდ მოვაჭრე საწარმოებს — მათი გამოკვლევა სპეციალური გამოკვლევის მეშვეობით ხორციელდება 5 წელიწადში ერთხელ;

შერჩეული საწარმო-ორგანიზაციებიდან სრული მოცვით გამოიკითხება: ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები (საჯარო სკოლების და ქ. თბილისის ბაღების გარდა); მსხვილი საწარმოები და საფინანსო დაწესებულებები (სავალუტო ჯიხურების და ლომბარდების გარდა); შერჩევით გამოიკითხება: საშუალო და მცირე ზომის საწარმოები; საჯარო სკოლები და ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები და არასახელმწიფო ა(ა)იპ-ები (არასახელმწიფო არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები );

შერჩევის დიზაინად განსაზღვრულია შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული 15 000 საწარმო საქსტატს კვლევის გასამარტივებლად გენერალური ერთობლიობა გაყოფილი აქვს მცირე ზომის ჰომოგენურ ქვეჯგუფებად (სტრატებად) და თითოეული სტრატიდან შემთხვევითი წესით არჩევს შერჩევით ერთობლიობას. სტრატიფიკაციის ნიშანი ეკონომიკური საქმიანობის სახეები, საწარმოს ზომა და რეგიონებია;

საწარმოს დაყოფა ზომების მიხედვით. წყარო: საქსტატი

ეს დეტალები ნეტგაზეთმა საქსტატთან კორესპონდენციით გაარკვია. მანამდე სამსახურიდან მოგვწერეს, რომ “გამოკვლევების შერჩევასთან და სხვა ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებული დეტალები ხელმისაწვდომია მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ზოგადი მეთოდოლოგიური მითითებები განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე”. ასევე, გვიპასუხეს, რომ ნებისმიერი მაჩვენებლის გასაანგარიშებლად იყენებენ “საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიას”, რომლის რევიზიას პერიოდულად ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, Eurostat, EFTA, UNECE, IMF და სხვები.

სხვა დეტალები

სოციოლოგი ქეთი სართანიას აზრით, “უმჯობესი იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ყოველ ჯერზე, როცა ის ამგვარ მონაცემს გამოაქვეყნებს, იმავე ფაილში დაურთოს ეს მეთოდოლოგია, მათ შორის, შერჩევის შესახებ არსებული მათეული კრიტერიუმები”. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, იქვე მითითებული იყოს ამ მეთოდოლოგიის პირველწყაროც — შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგია.

“ამგვარი მიდგომით, მონაცემების, მათი რეპრეზენტატულობისა და მეთოდოლოგიის გადამოწმება იქნება შესაძლებელი, რისი მეშვეობითაც უფრო ცხადი გახდება გავიგოთ, რაზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ “საქართველოში საშუალო ნომინალურ ხელფასზე”, – ამბობს ქეთი სართანია.

იგი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქასტატის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ მონაცემებს სხვადასხვა უწყება პოლიტიკის გადახედვის, შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესში იყენებს. “შესაბამისად, ყველა ის რიცხვი თუ დასკვნა, რასაც საქსტატი აჩვენებს, შესაბამის გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე, სწორედ ამ აზრით, მნიშვნელოვანია, საქსტატმა დროულად ისაუბროს იმ პრობლემებზე, რასაც მონაცემების შეგროვებისა თუ დამუშავების პროცესში აწყდება და შესაბამის უწყებებთან ერთად ამგვარი მიდგომები გადაიხედოს”, — გვიხსნის იგი.

მას ისევ მოჰყავს მაგალითად ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას 20 დეკემბრის განცხადება“არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა: ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს”.

ქეთი სართანიას თანახმად, ეს სიტყვები ავლენს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემის პრობლემურობას — “იკარგება ის ფაქტი, რომ ეს არის მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ცხოვრების შესახებ მონაცემი”.

იგი დასძენს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა მონაცემებს შორის მსგავსებისა და სხვაობების ჩვენება იმ ორ კვლევას [“საწარმოთა სტატისტიკური კვლევა” და “მონაცემები შრომის შესახებ”] შორის, რომელსაც ეყრდნობა საქსტატი.

და, ბოლოს, — მისი თქმით, სასურველი იქნებოდა “მეთოდოლოგიისა და შერჩვის შესახებ უფრო დეტალური აღწერა, მაგალითად, შერჩეული 15 000 საწარმო როგორ შეირჩა, რომელ რეგიონში რა რაოდენობაა სტატიტიკურად საკმარისი და ა.შ”.

საქსტატის პასუხი

ნეტგაზეთის მიერ დამატებით დასმულ კითხვაზე, — რატომ არ ერთვის თან აღნიშნული მეთოდოლოგია (მონაცემთა უფრო სიღრმისეულ ანალიზთან ერთად, სადაც მითითებული იქნება კვლევის ლიმიტები) იმ კვარტალურ ანგარიშებს, რომელიც საიტზეც ქვეყნდება და მედიასაც მიეწოდება, და აპირებს თუ არა საქსტატი მომავალში ამის შეცვლას, — სტატისტიკის სამსახურიდან გვიპასუხეს:

“ხელფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება ორი ძირითადი კვლევის მიხედვით: სამეწარმეო (ბიზნეს სექტორი) და არასამეწარმეო სფერო. ამასთან, ბიზნეს სექტორი შრომის სტატისტიკის მაჩვენებლებთან ერთად მოიცავს საწარმოს საქმიანობის სხვა მაჩვენებლებს; საქსტატის ვებგვერდზე განთავსებულია ორივე ზემოაღნიშნული გამოკვლევის კითხვარი, რომელთაც თან ახლავს მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია”.

ამასთან, საქსტატის თანახმად, “გამოკვლევების შერჩევასთან და სხვა ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებული დეტალები ხელმისაწვდომია შესაბამისად, ხოლო ზოგადი მეთოდოლოგიური მითითებები განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე”.

ნეტგაზეთმა საქსტატს ასევე ჰკითხა, როგორ არის კვლევაში გათვალისწინებული ის რისკი, რომ საწარმოკომპანიები, რომლებიც მათ მონაცემებს აწვდიან, შესაძლოა, კეთილსინდისიერად არ აფორმებდნენ დასაქმებულთან ხელშეკრულებებს (და, მაგალითად, არ აფორმებდნენ ოთხ დასაქმებულს 500-500-ლარიანი ხელფასით და ამის ნაცვლად აფორმებდნენ მხოლოდ ორს 1000-1000 ლარიანი ხელფასით);

ჩვენ ასევე ვიკითხეთ, რამდენად არის გათვალისწინებული გარემოება, რომ, მაგალითად, კვლევაში მონაწილე სერვისის სფეროში მოთამაშე საწარმოები/კომპანიები სრულად უხდიან დასაქმებულებს მითითებულ ხელფასებს და, მაგალითად, არ ჩამოაჭრიან თანხებს, ან ოფიციალურად უხდიან თუმცა შემდეგ არ აიძულებენ დაკარგული/სხვა პრობლემური პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას;

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, აღნიშნული რისკების შემცირების მიზნით, ისინი უშუალოდ უკავშირდებიან რესპოდენტს — კითხვარის შევსებაზე პასუხისმგებელ პირს საეჭვო მონაცემების დასაზუსტებლად; ასევე, მონაცემებს აზუსტებენ სხვადასხვა ადმინისტრაციულ წყაროსთან შედარების გზით. მათი თქმით, მთლიანობაში, საქსტატის ფუნქციებში შედის მონაცემების შეგროვება სტანდარტული საერთაშორისო მეთოდოლოგიების მიხედვით, რომელიც ასევე ითვალისწინებს ხარისხის კონტროლის სამუშაოებს. 

“რაც შეეხება შეკითხვას რესპოდენტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორესთან დაკავშირებით, აღნიშნული სცილდება სტატისტიკის სამსახურების კომპეტენციას და სხვა ორგანოების (მაგ., საგადასახადო სამსახურის) პრეროგატივას წარმოადგენს”, — აცხადებს საქსტატი.

რატომ არ არის ზუსტი საქსტატის დასახელებული საშუალო ხელფასი


სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე მოგვწერა:

საქსტატი ნებისმიერი მაჩვენებლის გასაანგარიშებლად იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიას. ამასთან, გამოყენებული მეთოდოლოგიის რევიზიას პერიოდულად ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები (Eurostat, EFTA, UNECE, IMF და სხვა)

პიროვნებები, რომლებიც ამა თუ იმ მაჩვენებლების გაანგარიშებაზე არიან პასუხისმგებლები, არა მხოლოდ იცნობენ საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს, არამედ ისინი ხშირ შემთხვევაში ექსპერტებად არიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამუშაო ჯგუფებში მიწვეულები და უშუალოდ მონაწილეობენ მეთოდოლოგიის შემუშავებაში.

გარდა ამისა, საქსტატი უკანასკნელი 7 წლის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა შვედეთის სტატისტიკის ბიუროსთან, რომლის მიზანი იყო სისტემის განვითარება და საერთაშოირისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აღნიშნული თანამშრომლობა ფარავდა სტატისტიკის არეალის დაახლოებით 80%-ს. თანამშრომლობის ფარგლებში შვედი ექსპერტები არა მხოლოდ ნერგავდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ რეგულარულად ახდენდნენ იმის შეფასებას და რევიზიას, თუ რამდენად ზედმიწევნით ზუსტად სრულდებოდა მათი რეკომენდაციები.

საქსტატის მიერ სხვადასხვა მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ხოლო გაანგარიშების პროცესები არის ღია და გამჭვირვალე.

საქმიანი შენიშვნები და რეკომენდაციები საქსტატის საქმიანობის შესახებ მადლიერების გრძნობით იქნება აღქმულია საქსტატის მთელი გუნდის მიერ. იმავდროულად საქსტატი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, გამართოს დიალოგი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეებთან და ამომწურავად გასცეს პასუხი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი