ახალი ამბები

რეფორმა და ღირსეული მოსამართლეები – დოლიძისა და ჯანეზაშვილის შეთავაზება პარლამენტს

29 დეკემბერი, 2018 • 1868
რეფორმა და ღირსეული მოსამართლეები – დოლიძისა და ჯანეზაშვილის შეთავაზება პარლამენტს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს პარლამენტს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისაკენ მოუწოდებენ. აღნიშნულის შესახებ მათ დღეს, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საჭიროა ცვლილებები, რომლებიც ერთი მხრივ, პარლამენტს საშუალებას მისცემს, “მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები” აირჩიოს; მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს იმას, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურები საერთო კონსენსუსით შეარჩიოს და არა ხმათა უმრავლესობით, როგორც ეს ახლა ხდება.

“საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს გადაწყვეტილებების ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით მიღების შესაძლებლობას და რომელიც საბოლოო ჯამში, პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა”, – განაცხადა მან.

აღნიშნულ ცვლილებებზე სასაუბროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან კომუნიკაციისათვის მზად არიან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და სხვები დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჯანეზაშვილმა და დოლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განიხილეს, გუშინ, 28 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხებოდა. მათი თქმით, ფაქტი მიუღებელია, ვინაიდან მიქაუტაძე თავად არის დაინტერესებული პირი.

“ამ ბრძოლის ფონზე, გუშინ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია”,  -აღნიშნა ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა კი დაამატა:

” გიორგი მიქაუტაძე თავადაა დაინტერესებული პირი. კონკურსში თავად მონაწილეობდა, თავად არის მოსამართლეობის კანდიდატი უზენაეს სასამართლოში და  თავადაა დაინტერესებული, რომ პროცედურები იმგვარი, რაც მას კვლავ მისცემს შესაძლებლობას, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე”.

იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საბჭოს 14 წევრიდან მურუსიძეს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი