ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი მეორედ არ შეუშვეს შენგენის ზონაში

29 დეკემბერი, 2018 • 5481
მალხაზ მაჩალიკაშვილი მეორედ არ შეუშვეს შენგენის ზონაში

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ერთი წელიწადია, შვილის მკვლელობის გამოძიებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს, შენგენის ზონაში არ შეუშვეს.

მაჩალიკაშვილი 28 დეკემბერს გაემგზავრა საქართველოდან ბერლინში სტამბოლის აეროპორტის გავლით; ბერლინში ჩაფრენის შემდეგ კი იგი ქვეყანაში არ შეუშვეს, რის მიზეზადაც დაუსახელეს ავსტრიისა და საფრანგეთის მოთხოვნა, იგი შენგენის ზონაში არ შეეშვათ.

როგორც იგი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, დაანონსებული ჰქონდა, თუკი შვილის სასიკვდილოდ დაჭრიდან ერთი წლის თავზე, 2018 წლის 26 დეკემბრამდე ხელისუფლება ამ საქმეში რაიმე შეცდომას მაინც არ აღიარებდა, ბრძოლის სხვა გზებს მიმართავდა — “გავალ საზღვარგარეთ, ევროპაში, წავალ, ამ სიმართლეს მოვუყვები ყველგან, გავალ დიასპორაში, იქ მოვყვები ამ ყველაფერს”. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით მიემგზავრებოდა გერმანიაში.

მაჩალიკაშვილის თქმით, თბილისის აეროპორტიდან უპრობლემოდ გაატარეს, — “გაჩხრეკვას როგორ გაკადრებთო”, — რამაც დააეჭვა, რომ შემდეგში პრობლემები შეექმნებოდა. ასეც მოხდა — იგი ბერლინის აეროპორტშ სამართალდამცავებმა გააჩერეს.

“ბერლინში რომ ჩავედი, პირდაპირ გამაჩერეს და შემიყვანეს; გაირკვა ეს ყველაფერი. ვინც მელაპარაკებოდა, იცოდნენ, რა ხდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემს თავს ყველაფერი… მითხრეს, საქართველოს ხელისუფლებიდან სთხოვესო ავსტრიას და საფრანგეთს, ამ კაცს ნუ შეუშვებთ შენგენის ზონაშიო და ჩვენც იძულებული ვართ, ესე ვაკეთებთო. ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. თქვენ შეგიძლიათ, გერმანიას მთავრობას უჩივლოთო. ავსტრიისგან და საფრანგეთისგან არის შენგენის ზონაში თქვენი არშეშვების ბრძანებაო”.

მაჩალიკაშვილის თანახმად, იგი ბერლინიდან ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საქართველოში გამოაბრუნეს. “იქ ჩამორთმეული პასპორტი მომცეს აქ, აეროპორტში”.

როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, აპირებს, საჩივრები შეიტანონ გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ.

იგი შენგენის ზონაში არშეშვებას საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს: “ესენი ყველაფერზე მიდიან. რატომ ეშინიათ ერთი ადამიანის მთელი ადამიანის, გაოგნებული ვარ”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით, მიმართეს თუ არა მათ ავსტრიის, საფრანგეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მთავრობას/უსაფრთხოების სამსახურს გაფრთხილებით, არ შეუშვან მალხაზ მაჩალიკაშვილი შენგენის ზონაში. სუს-ი არ ადასტურებს, რომ რომელიმე სახელმწიფოს მსგავსი თხოვნით მიმართეს.

მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში არ შეუშვეს.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, შუბლის არეში სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ბოლო რამდენიმე თვეა, თემირლანის სიკვდილს აქციებით აპროტესტებს მოკლულის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროსტესტი პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ორივე საქმეზე ითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის ივნისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე მეხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს. გამოძიება შეეხებოდა მაჩალიკაშვილის მიერ 31 მაისს აქციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს; მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს აქციაზე ემოციურ ფონზე თქვა.

“ჩემთვის მოკვლაზე მძიმეა მისი ტერორიზმში დადანაშაულება. ერთი წელი არ იყო ბავშვი საზოგადოებაში გამოსული, ძლივს შევაქუჩე ის ფული, ის 14 000 ლარი, ოპერაცია გავუკეთე, ხალხში გამოვიყვანე. აიღეს და ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს კიდევ. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერ ასე მოქცეოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ”, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი