ახალი ამბები

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2018 წელს (ვერ) განხორციელდა

31 დეკემბერი, 2018 • 2652
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2018 წელს (ვერ) განხორციელდა

2018 წელს ასობით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის მიზნით. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადებიდან, 16 დეკემბრიდან, ძალაში შევიდა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ასევე, ამოქმედდა პარლამენტის ახალი რეგლამენტი და ეთიკის კოდექსი.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 2018 წელს განხორციელდა, ვერ განხორციელდა ან 2019 წლისთვის გადავადდა:

  1. საპენსიო რეფორმა – პარლამენტმა მიიღო “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს. 2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. კანონი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
  2. პროკურატურის რეფორმა – პროკურატურა გახდა იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელი ორგანო, მისი უფლებამოსილებები გაიმიჯნა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და საპარლამენტო ზედამხედველობას დაექვემდებარა, თუმცა კონკრეტულ საქმეებზე ანგარიშვალდებულების გარეშე.
  3. ნარკოპოლიტიკა 2018 წელსაც ყველაზე ხმაურიან თემად რჩებოდა საკანონმდებლო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. კონსენსუსი ვერ შედგა ნარკომოხმარების ლიბერალიზაციის კანონპროექტზე, რომელიც დეპუტატმა აკაკი ზოიძემ მოამზადა და ყველა სახის ნარკოტიების პირადი მიზნით მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტზე მსჯელობა, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაგრძელდება. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა დაამტკიცა შსს-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია კი არ შეცვლილა. საქართველოს მთავრობას ჰქონდა ინიციატივა კანაფის კულტივაციისა და მისგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა სასულიერო პირების პროტესტის შემდეგ, კანონპროექტი უკან გაიწვია.
  4. ოჯახში ძალადობისა და ოჯახში დანაშაულების შესახებ პოლიტიკა გამკაცრდა – ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა, ერთის ნაცვლად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას პირს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. წარსულში ოჯახში დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისთვის. ასევე, გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად და გენდერული ნიშნით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად.
  5. არასამთავრობო ორგანიზაციები მრავალი წელია, ითხოვდენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისში მიიღო კანონი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ”. კანონის თანახმად, იქმნება ახალი სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგსა და სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მექანიზმს აერთიანებს. თუმცა ხელისუფლებამ არ გაითვალისიწინა სამოქალაქო სექტორის მთავარი რეკომენდაცია, სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისათვის მინიჭების თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოსაძიებელი საქმეების მიმართ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლოს ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება კიდევ ნახევარი წლით გადავადდა.
  6. პარლამენტმა მიიღო “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება და მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას, კონსულტირებასა და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
  7. “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა. “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში ცვლილებისა და თანმდები კანონპროექტების თანახმად, “ქურდული სამყაროს“ წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით; “კანონიერი ქურდობა“ – 9-დან 15 წლამდე; “ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა – 7-დან 10 წლამდე; ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას – თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე; “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვა “ქურდული გარჩევის”, ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით – თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე.
  8. 2018 წელს განხორციელდა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქნა. კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილდა; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა.
  9. რიგი ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კოდექსში. შესაბამისად, 2018 წლის პირველი  ივლისიდან  მცირე ბიზნესის შემოსავალი, 5% -ის ნაცვლად, 1 %-იანი განაკვეთით იბეგრება. მცირე ბიზნესად ითვლება 500 000 ლარამდე წლიური შემოსავალი, ნაცვლად მანამდე დაწესებული 100 000-ისა.
  10. საქართველოს პარლამენტმა წლის ბოლოდ მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გაზრდას. ინიციატივის თავდაპირველი ვერსიით, როგორც ფილტრიანი, ასევე, უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის განაკვეთი 20 ღერზე 1.7 ლარი უნდა ყოფილიყო. მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით კი, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა.
  11. მიმდინარე წელს მიიღეს, თუმცა 2019 წლიდან ამოქმედდება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც  ითვალისწინებს ბიზნესისთვის უფრო გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და შემცირებულ დანახარჯებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები; იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა; შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება; იქმნება წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
  12. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. საინიციატივო ჯგუფის მიერ 37 ათასი ხელმოწერით წარდგენილი ცვლილებებით “საარჩევნო კოდექსში“, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებოდათ დაეცვათ სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ყოფილიყო.
  13. “სისხლის სამართლის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდა და 30 წლით განისაზღვრა. საკითხის ინიცირება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებით იყო განპირობებული.
  14. საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საბანკო რეგულაციების მიმართულებით, რაც შემდეგ ეროვნული ბანკის დებულებაში აისახა. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი დებულებით, რომლის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა და 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი, 500 ლარის შემთხვევაში, 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ანუ სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, თუ პირს აქვს 500-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, მას არ შეეძლება ისეთი სესხის აღება, რომლის დასაფარადაც თვეში 75 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 500-1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი 20% იქნება. დებულების ამჟამინდელი რედაქციით იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი