ახალი ამბები

ვიმედოვნებ, გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება – ზურაბიშვილი

28 დეკემბერი, 2018 • 1028
ვიმედოვნებ, გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამსახურდიას საქმის გამოძიებით “აღდგება ისტორიული სამართლიანობა”.

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურორის მზაობას, თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს. იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, -წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების გზით 1992 წელს ჩამოაგდეს და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფებოდა. ზვიად გამსახურდია არაერთხელ ეცადა ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ. 1993 წლის 31 დეკემბერს ის იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრების ნაწილი ამბობს, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ პირველი პრეზიდენტის შვილებს და მხარდამჭერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი