34 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, 34 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მოახსენა, რომ უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე წლებია ცხოვრობენ. ამ დრომდე შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება ვერ ხერხდებოდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა 1 200 000 ლარად გამოისყიდა. 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 1600-მდე ბინა გადასცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი