ახალი ამბები

მურუსიძის კომპეტენტურობა არასდროს არავის დაუყენებია ეჭვქვეშ – მიქაუტაძე

27 დეკემბერი, 2018 • 2042
მურუსიძის კომპეტენტურობა არასდროს არავის დაუყენებია ეჭვქვეშ – მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, დღეს გამართულ მოსმენაზე ყველა კითხვას გასცა პასუხი.

მიქაუტაძის განცხადებით, “არასდროს არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია” ის, რომ მურუსიძე კომპეტენტური მოსამართლეა.

“ჩემდა გასაკვირად, ორმა არამოსამართლე წევრმა ეს გასაუბრება რაღაც დაკითხვის ფორმატში გადაიყვანა. მე ვფიქრობ, არ დარჩენილა კითხვა, რომელზეც ლევან მურუსიძეს პასუხი არ გაეცა. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, როცა კანდიდატი ორი საათის განმავლობაში პასუხობდედ კომისიის წევრების კითხვებს.

საბჭოს მოსამართლე წევრებმა საშუალება მივეცით საბჭოს კრიტიკულად განწყობილ წევრებს, რომ ჰქონოდათ საკმარისი დრო და საშუალება, რათა შეკითხვები დაესვათ. ისინი ასეც მოიქცნენ.

კომპეტენტურობის მიმართულებით ყოფილა კითხვები?! არასდროს არავის ეჭქვეშ არ დაუყენებია ის, რომ ბატონი ლევან მურუსიძე არის კომპეტენტური მოსამართლე და მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სამოსამართლებო საქმიანობის. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, რომელიც კეთდება, თუ არ ვცდები, 12-მა წევრმა ჩათვალა რომ კეთილსინდისიერია ბატონი ლევანი”, – განაცხადა მან.

 იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საბჭოს 14 წევრიდან მურუსიძეს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე საათი უსმენდნენ. სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ორი წელია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს და დღეს ყველა კითხვას გასცემდა პასუხს.

სხდომის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა აღნიშნეს, რომ მურუსიძესთან კითხვები არ ჰქონდათ. საბჭოს სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს კითხვებსორ საათზე მეტხანს უსვამდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი