ახალი ამბები

გარკვეული საკითხების მიმართ გუნდში არის სერიოზული უთანხმოება – მდინარაძე

27 დეკემბერი, 2018 • 1288
გარკვეული საკითხების მიმართ გუნდში არის სერიოზული უთანხმოება – მდინარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტიის გუნდში რიგი საკითხების მიმართ სერიოზული უთანმოება არსებობს. მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ეს უთანხმოებები მხოლოდ პროცედურულ საკითხებს ეხება.

“არის გუნდში გარკვეული საკითხების მიმართ სერიოზული უთანხმოება, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს უთანხმოება არ არის პრინციპების დონეზე. ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ის, რომ უნდა იყოს პროცესი გამჭვირვალე, ის, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებითაც უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი , ის, რომ ჩვენ სერიოზული პროგრესი გვაქვს  – ეს გადახედვას არ ექვემდებარება და ამაზე არავინ დავობს.

სერიოზული უთანხმოებები საკითხების გადაჭრის გზებზე არსებობს დღესაც და  მე ვფიქრობ, რომ აქაც კონსენსუსი მიიღწევა. როდესაც საუბარია პერსონებზე, ეს ცალკე განსახილველი საკითხია, როდესაც უნდა ვისაუბროთ პროცედურაზე,  რომელიც ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს, ამას დაეთანხმა მთელი პარლამენტი და ამის წინააღმდეგ არცერთი ადამიანი არ წასულა,” – ამბობს მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც, მდინარაძის მსგავსად, შიდაგუნდურ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი მყარია, თუმცა, ვინ იქნება გუდის ნაწილი, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ “თამაშობს გუნდურ თამაშს”.

კობახიძემ ეს განცხადება ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზებზე საუბრისას დღეს, 27 დეკემბერს, გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი