ვიმედოვნებ, სამომავლოდ ასეთი რაღაც არ დაგვჭირდება – მაჭავარიანი ვალების განულების პროექტზე

ფინანსთა მინისტრი ეხმაურება ზოგიერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიუხედავად, მათ ვალები არ ჩემოეწერათ. როგორც ივანე მაჭავარიანი განმარტავს, საფინანსო კომპანიების ნაწილი უარს ამბობს პორტფელების გამოსყიდვაზე, თუმცა სხვა შემთხვევებში პროექტი ძირითადად ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

“ბოლო პერიოდში იყო ბევრი მითქმა-მოთქმა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით. ვიცი, რომ იყო ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა, მათ შორის, მეც ვიღებდი ინფორმაციას, რომ ზოგიერთმა თავის თავი ვერ იპოვა, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. 600 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო, პრაქტიკულად, 4 მილიარდამდე ჯამური თანხა, რაც ჩამოიწერება. საუბარია 1 300 000-ზე მეტ სესხზე. უბრალოდ, ზოგიერთმა კომპანიამ, რომელიც არის ვალის ამომღები ან გამსესხებელი საფინანსო ინსტიტუტი, არ გაახსვისა ეს პორტფელები. რაღაც მიზეზების გამო, ეტყობა, ვერ მოხდა შეთანხმება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, “ქართუს” კარი ღიაა და ის იმედოვნებს, რომ დარჩენილი კომპანიების ნაწილი მაინც შევა ფონდთან შეთანხმებაში და საბოლოოდ ვალი 600 000 ფიზიკურ პირზე მეტს ჩამოეწერება.

“ვისთანაც მოხდა ხელშეკრულების გაფორმება, შეცდომები მინიმალურია და თუ აღმოჩნდება, მყისიერადვე სწორდება. ძალიან წარმატებული პროექტია. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს და იმედს გამოვთქვამ, რომ სამომავლოდ ასეთი რაღაც არ დაგვჭირდება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

გუშინ, 10 დეკემბერს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი Vali.ge ამოქმედდა.

ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ. ამ დროისთვის ბაზა მოიცავს “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის”, “ლიბერთი ბანკის”, “სილქ როუდ ბანკის”, “ხალიკ ბანკი საქართველოს” და “იშბანკი საქართველოს” სესხების შესახებ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიას დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები. აღნიშნული საიტი, რომლის დომენის მფლობელია “ქართუ”, 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.