ახალი ამბები

რატომ ფუთავს ქართული კომპანია რუსულ შოკოლადს ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით

27 დეკემბერი, 2018 • 6571
რატომ ფუთავს ქართული კომპანია რუსულ შოკოლადს ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით

ქართული კომპანია “ტომარა • Tomara რუსულ შოკოლადს ანტისაოკუპაციო შეფუთვაში ყიდის. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს თავად კომპანიის ხელმძღვანელმა, ანა ჭიქაბერიძემ, უთხრა, ამ საკითხში პრობლემას ვერ ხედავს.

კომპანია ნეტგაზეთთან საუბარში ასევე განმარტავს, რომ მისი შემქმნელები აქტიურად არიან ჩართული ანტისაოკუპაციო მშვიდობიან აქციებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის პროდუქციას შეფუთავენ და შემდეგ გაყიდიან.

“თუნდაც ტკბილი, მაინც რაღაც გზაა, რომ გავაპროტესტოთ ოკუპაცია. ჩვენ არ ვმალავთ, რუსული წარმოების შოკოლადია. ჩვენ მათივე წარმოების შოკოლადს ვაწერთ ანტისაოკუპაციო ლოზუნგებს და ფრაზებს, ამას არც ვმალავთ იმიტომ, რომ არა მარტო შოკოლადი, ქართულ სუფრაზე, განსაკუთრებით ახალ წელს, ძალიან ბევრი პროდუქცია რუსულია, იქნება ეს შოკოლადი, ხილი, ბოსტნეული თუ სხვა. ჩვენ არც ვმალავთ, ჩვენ არ გვითქვმას, რომ ეს რუსული არაა,” – ამბობს ანა ჭიქაბერიძე.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის კომერციალიზაციას პრობლემურად, ანა ჭიქაბერიძე ამბობს, რომ ამაში პრობლემური არაფერია. აღნიშნული განცხადების არგუმენტად ის განმარტავს, რომ ეს ისეთი ბიზნესი არ არის, რომლის მეშვეობითაც ვინმე გამდიდრებას შეძლებს. მისივე სიტყვებით, კომპანია სხვა დიზაინებსაც აწარმოებს.

“შოკოლადების წარმოება დავიწყეთ დაახლოებით 2 კვირაა, ამიტომ, ჩვენთვის რაც იყო ხელმისაწვდომი იმ მომენტისთვის, პირდაპირ საბითუმო ბაზრიდან მოვიტანეთ. ჩემთვის მნიშნველობა არ აქვს, ეს შოკოლადი რუსულია, უკრაინულია თუ რა წარმოების არის, ვინაიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

ალბათ, გემრიელია და მოთხოვნა უფრო არის, ვიდრე ქართულ ნაწარმზე. მე ამას საბითუმო საწარმოებზე დაყრდნობით ვამბობ. ჩვენ არ ვაკეთებთ რეკლამას, რომ რუსულს ვყიდით, ჩვენ, პირიქით, ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას,” – ამბობს ანა ჭიქაბერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი