საარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან, სავარაუდოდ, ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმებასა და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.

განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

“რუსთავი 2”-მა 15 დეკემბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ათავსებენ, სავარაუდოდ, საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებიან კონვერტებს საარჩევნო ყუთებში, რასაც თან სდევს შესაბამისი დიალოგები. ტელეარხის ცნობით, ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ე.წ. ბიულეტენების ჩაყრას.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული, სადაც ტელეარხის ცნობით, ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს სავარაუდოდ კომისიის წევრი ამომრჩევლის ნაცვლად, კონვერტებში ათავსებს ბიულეტენებს და ბეჭედს არტყამს, შემდეგ კი კომისიის სხვა წევრი საარჩევნო ყუთში ყრის მათ. შემდგომ, ყუთში კონვერტებს კომისიის სხვა წევრებიც ყრიან. ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რას აკეთებენ, ისინი პასუხობენ, რომ ხმას აძლევენ.

კიდევ ერთი ვიდეო ისევ დმანისში, 24-ე უბანზე არის გადაღებული. კადრში ჩანს, რომ ქალი, რომელიც რ2-ის ცნობით, კომისიის წევრია, კონვერტს საარჩევნო ყუთში რამდენჯერმე ათავსებს, გარკვეულ მომენტში კი კომისიის სხვა წევრი უბანზე განთავსებულ კამერას ეფარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი