ახალი ამბები

EMC: ქობულიას განცხადება დიასახლისებზე პრობლემური და სახიფათოა

26 დეკემბერი, 2018 • 1132
EMC: ქობულიას განცხადება დიასახლისებზე პრობლემური და სახიფათოა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომელიც დიასახლიებს ეხებოდა, პრობლემურად და საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალისებს დიასახლის ქალებთან დაკავშირებით არსებულ პატრიარქალურ მცდარ წარმოდგენას, თითქოს ისინი ეკონომიკური თუ შრომითი სფეროს მიღმა მოქმედებენ და მათ მიერ გაწეული საშინაო თუ რეპროდუქციული შრომა არანაირი მატერიალური თუ ფიზიკური ღირებულების მატარებელი არ არის.

“პირველ რიგში, უდნა აღინიშნოს, რომ განცხადების არაზუსტი შინაარსი მდგომარეობს მონაცემებისა თუ ფაქტების დაუსაბუთებელ ინტერპრეტაციაში – ქალთა შედარებით დაბალი აქტიურობის დონე შრომის ბაზარზე არა მარტო დიასახლისი ქალების პირად არჩევანს წარმოადგენს, არამედ ის უფრო ფართო სტრუქტურული მოცემულობებით არის განპირობებული. არაერთი კვლევა თუ ანგარიში, რომელიც ქალთა ეკონომიკური აქტიურობისა და გაძლიერების საკითხებს იკვლევს, დასაქმების, სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ სფეროებში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურულ ბარიერებზე მიუთითებს” – აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაციის განცხადებით, სტრუქტურულად დამაბრკოლებელ გარემოებებს შორისაა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები, სადაც შრომითი კანონმდებლობა არ არის მორგებული ქალთა საჭიროებებზე და მოქნილია დამსაქმებელთა მხრიდან დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

ასევე, EMC-ის განცხადებით, სტრუქტურულ ფაქტორებს შორის უნდა იქნეს მოაზრებული ქალთა შორის ფინანსურ წყაროებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ბავშვებზე ზრუნვისთვის არასათანადო ინსტიტუციური მოცემულობა, რაც მშობლებს ხელს უშლის სრული განაკვეთით დასაქმებაში, კულტურული თუ ტრადიციასთან დაკავშირებული წარმოდგენები ქალების როლის, მათი საზოგადოებრივი ფუნქციის შესახებ, ასევე, ღრმად გამჯდარი წარმოდგენები ქალებისთვის „შესაფერისი“ განათლების მიღების თუ დასაქმების ადგილების შესახებ, რომელიც შემდგომ სისტემურად განაპირობებს ქალთა დაბალ მატერიალურ შესაძლებლობას, მათ მაღალ მოწყვლადობას და საშინაო სფეროში სუბორდინაციის მაღალ შესაძლებლობებს:

“გარდა აღნიშნულისა, ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა (საქართველოს სტატისტიკის სამსახური: მამაკაცების შრომითი აქტიურობის დონე- 75%, ქალთა შრომითი აქტიურობის დონე – 58%), სტატიის თანახმად, ასევე განპირობებულია სოციალური სერვისების შეზღუდულობით, რაც სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო დონეზე გატარებული სოციალური პოლიტიკის არაეფექტურობიდან გამომდინარეობს. ყველა ეს ბარიერი ერთობლიობაში კი დაბრკოლებას უქმნის როგორც დაოჯახებულ და შვილებიან ქალებს, ასევე დაუოჯახებელ თუ მარტოხელა ქალებს, რომ ჩაერთონ შრომით ურთიერთობებში, გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები და იშრომონ ანაზღაურებადი შრომის სანაცვლოდ”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ქობულიას განცხადება პატრიარქალურ შინაარს შეიცავს და ეს გარემოება განსაკუთრებით მძიმე ტონალობას იძენს, როდესაც მსგავს მოსაზრებებს სამთავრობო გუნდის წარმომადგენელი, ქვეყნის ეკონომიკის სფეროს მთავარი პასუხისმგებელი პირი და მამაკაცი მინისტრი ახმიანებს.

EMC-ის თქმით, ქალთა აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტრიბუციის მქონეა როგორც შინამეურნეობებისთვის, ასევე ქვეყნის ზოგადი კეთილდღეობისთვისაც, საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე სახის შრომით განზომილებას მოიცავს.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, ერთი მხრივ, ესაა ტიპური საშინაო შრომა (დალაგება, საჭმლის მომზადება, საჭირო პროდუქციის შეძენა და ა.შ.), ხოლო, მეორე მხრივ, დიასახლისი ქალების უმეტესობა ჩაბმულია ე.წ. სოციალურ-რეპროდუქციულ შრომაში, რაც გულისხმობს ბავშვთა მოვლას და აღზრდას, ასაკოვან თუ მხცოვან ადამიანებზე ზრუნვას, ოჯახის ავადმყოფი წევრების მეთვალყურეობას და მოვლას და ა.შ.

დამატებით კი, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დიასახლის ქალთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი რეგიონებში, მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშიც – იქნება ეს მცირე მასშტაბის მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეფრინველეობა თუ მებახჩეობა:

“ამ ყველაფრიდან გამომდინარე, და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, სადაც ქალთა შრომის საშუალო ანაზღაურება მამაკაცების საშუალო ანაზღაურებას 37%-ით ჩამოუვარდება[3], ხოლო დასაქმების ბაზარზე ქალებისთვის უმეტესად გაცილებით დაბალანაზღაურებადი, არასტაბილური და პრეკარიალური ხასიათის სამუშაოებია წარმოდგენილი, გასაგები ხდება, თუ რამდენად ფასდაუდებელი შეიძლება იყოს დიასახლის ქალთა შრომის ფასი შინამეურნეობებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, მატერიალურად რამდენად არამომგებიანია ფორმალურ შრომით სექტორში მათი გადანაცვლება და მონაწილეობა”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი