ახალი ამბები

გაზის სამომხმარებლო ტარიფი სახელმწიფო სუბსიდირებით შენარჩუნდა – მილორავა

26 დეკემბერი, 2018 • 1693
გაზის სამომხმარებლო ტარიფი სახელმწიფო სუბსიდირებით შენარჩუნდა – მილორავა

სამომხმარებლო გაზის ტარიფი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაფინანსდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას თქმით, მთავრობის სურდა  მთელ ქვეყანაში სამომხმარებლო ტარიფი შემცირებულიყო. ამისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარკვეული თანხა გამოყო. ნეტგაზეთს კორპორაციაში უთხრეს, რომ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა კონფიდენციალურია.

“მთავარი კომპონენტი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, სამომხმარებლო ტარიფი შეგვენარჩუნებინა მოქმედ დონეზე, არის მთავრობის გადაწყვეტილება. 105 დოლარიდან თბილისის შემთხვევაში შემცირდა 103.7 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე, ხოლო სოკარ ჯორჯია გაზისა და საქორგაზის შემთხვევაში შემცირდა 92.25 დოლარამდე. ეს ფინანსური ხარჯი თავის თავზე აიღო სახელმწიფო კომპანიამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ. ეს არის სოციალური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც  ამ გადაწყვეტილებით გაატარა საქართველოს მთავრობამ. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ასეთი სუბსიდირებით მოხდეს სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნება,”-ამბობს მილორავა.

სამომხმარებლო ტარიფი შედგება სამი კომპონენტისგან- მიწოდების, ტრანპორტირებისა და განაწილების ხარჯებისგან. “სოკარ გაზისა” და “საქორგგაზის” მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი ფაქტობრივად იგივე დარჩა. სემეკმა დღეს, 26 დეკემბერს, მხარი დაუჭირა “სოკარ ჯორჯოა გაზის აბონენტებისთვის გაზის ტარიფის 0.011 თეთრით შემცირებას. შედეგად, 2019 წლის პირველი იანვრიდან,  56.940 თეთრის ნაცვლად, აბონენტები 56. 929 თეთრს გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე. მცირედით, 0.012 თეთრით მოხდა ტარიფის შემცირება “საქორგაზის” შემთხვევაშიც. პირველი იანვრიდან,  57.011 თეთრის ნაცვლად, მომხმარებლები 56. 999 თეთრს გადაიხდიან. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში გაზის ტარიფი  0.014 თეთრით გაიაფდა.

“ძირითადი შემცირება მაინც გამოიწვია განაწილების ტარიფის შემცირებამ. განაწილების ტარიფი დაახლოებით 1.3 თეთრით შემცირდა. ამ ფონზე გაიზარდა მიწოდების ტარიფი 1.3 თეთრით. შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა. ეს შემცირებული ტარიფი 0.014 თეთრი ერთ კუბურ მეტრზე მომავალი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს”, – განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი