ახალი ამბები

ავტობუსების ზოლში მოძრავი მძღოლების გამოსავლენად, შესაძლოა, კამერები დამონტაჟდეს

26 დეკემბერი, 2018 • 1498
ავტობუსების ზოლში მოძრავი მძღოლების გამოსავლენად, შესაძლოა, კამერები დამონტაჟდეს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, 26 დეკემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტობუსების ე.წ. ბასლეინებზე, შესაძლოა, კამერები დამონტაჟდეს. კალაძემ განმარტა, რომ აღნიშნული კამერებით ის მანქანები და მძღოლები გამოვლინდებიან, რომლებიც ავტობუსისთვის განკუთვნილ ადგილზე ჩერდებიან.

“ჩვენ საპატრულო პოლიციასთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ჩვენ უნდა გვქონდეს მზაობა.. თუ საჭიროა, აუცილებლად უნდა დავაყენოთ კამერები, რათა ის ადამიანები, ვინც წესებს არღვევენ, დაჯარიმდნენ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი,” – ამბობს კახა კალაძე.

კალაძემ სხდომაზე ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა შს მინისტრ გიორგი გახარიას და პოლიცია საკითხის დარეგულირების მზაობას გამოთქვამს.

როგორც თბილისის მერი ამბობს, ცვლილებები, შესაძლოა, ველობილიკებსაც შეეხოს, კერძოდ, კი, ეს ადგილები უფრო გაკონტროლდეს. კალაძის თქმით, ველობილიკები კეთდება იმისთვის, რომ ფეხით გადაადგილებას მერიამ ხელი შეუწყოს. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი დამყარდეს, შეიძლება გარკვეული სანქციების შემოღებაც კი გახდეს საჭირო.

“ჩემი თხოვნა იქნება, აქაც მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ. ჩავრთოთ ამ საკითხის კონტროლში თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თუ საჭირო იქნება, გავზარდოთ ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, ” – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი