ახალი ამბები

მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან დაკავებული კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

26 დეკემბერი, 2018 • 1206
მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან დაკავებული კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან დაკავებული 8 წლის გვატემალელი ბავშვი შობის დღეს, 25 დეკემბერს გარდაიცვალა. მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ბავშვი დაიღუპა. ინფორმაიცას ამის შესახებ  BBC ავრცელებს.

“ჩვენ გარანტია უნდა გვქონდეს, რომ მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები ადამიანურ პირობებში იყვნენ და ყველა დაკავებულს გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება” – თქვა ტეხასის სენატორმა. მისი თქმით, 8 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო.

ბავშვი 25 დეკემბერს ღამით გარდაიცვალა. როგორც აშშ-ის საზღვრის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, მას დაავადების ნიშნები ჰქონდა. ბიჭი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაციებისა და სიცხის სამკურნალოდ მედიკამენტები გამოუწერს და დაკავების ცენტრში დააბრუნეს.

ორშაბათ დილას კი ბავშვს ღებინება დაეწყო, ის კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი, სააგენტოს თქმით, ამ დროისთვის დადგენილი არაა.

მანამდე, აშშ-ისა და მექსიკის საზღვართან დაკავებული კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. 7 წლის ჟაკლინმა აშშ-ის საზღვარი უკანონოდ მამასთან ერთად გადკვეთა. ისინი სამართალდამცავებს ნიუ მექსიკოში ჩაბარდნენ. დაკავების ცენტრში ჟაკლინს მაღალი სიცხეები დაეწყო და რამდენიმე დღეში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.

მაშინ “ვაშინგტონ პოსტი” წერდა, რომ გოგონა დეჰიდრატაციისა და შოკის გამო დაიღუპა. გამოცემის ცნობით, ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული საკვები და წყალი. მისი სხეულის ტემპერატურა კი 40,9 გრადუსს აღწევდა.

აშშ-ში მექსიკის საზღვრიდან შესვლას ათასობით მიგრანტი უკვე თვეებია ცდილობს. როგორც ისინი აცხადებენ, საკუთარი ქვეყნებიდან სიღარიბისა და ძალადობისგან თავის დასაღწევად მოდიან და აშშ-ში დასახლება უნდათ, მიუხედავად ამერიკული მხარის გაფრთხილებისა, რომ ყველას, ვინც საზღვარს არალეგალურად გადაკვეთს, დააკავებენ და დეპორტაციით სამშობლოში დააბრუნებენ.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 22 დეკემბერს მხარი დაუჭირა მანამდე ფედერალური მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება დაიბლოკა. ინიციატივის მიხედვით, თავშესაფრის სტატუსი ვერ უნდა მიეღოთ ადამიანებს, რომლებიც მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად, საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთის გარეშე შევიდოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი