პროგრესული გადასახადისთვის ჯერჯერობით მზად არ ვართ – ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას თქმით, საქართელო პრორესული გადასახადების შემოღებისთვის მზად არ არის.

ამის შესახებ ქობულიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადადაცემა “თავისუფალი ხედვაში” დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ეს ძალიან რთულია კითხვაა და მე ვამჯობინებ, არ შევიდე ამ დისკუსიაში, მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის ჩვენ მზად არ ვართ. ამისთვის მზად არიან ძალიან მდიდარი ქვეყნები. ჩვენ – არა”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ქართული ეკონომიკა აგებულია თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე და არა პროტექციონიზმზე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა სახელმწიფოს მონაწილეობას მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით ხედავს და ესენია ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლების სფერო, გარანტორის და ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების შექმნა, სწორი საკანონმდებლო ბაზა და რეგულირება.

“რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფომ ააშენოს ქარხნები ბიუჯეტით, ამაში ჩვენს როლს ვერ ვხედავთ. ჩვენი ეკონომიკა და პრინციპი არის თავისუფალი ბაზარზე დამყარებული”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი