ახალი ამბები

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

25 დეკემბერი, 2018 • 1494
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927,6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით – 10,8 მლნ ლარით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მლნ-თი მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მლნ-თი ნაკლებია, რაც ძირითადად ავტობუსებისთვის განკუთვნილ თანხას შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში 38,5%-ს შეადგენს.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 327,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მლნ ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან – 21,8 მლნ ლარით მეტი. წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში შეადგენს 35,4%-ს.

გარდა ამისა, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტს სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება 75 მლნ ლარი, ასევე, გარდამავალი ნაშთი და წლის განმავლობაში ბიუჯეტს მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მოცულობაში გაიზრდება 43,1%-ით (432 მლნ ლარი), ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების წილი 32,7%-მდე შემცირდება.

საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტიც, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 170 მლნ ლარით და შეადგენს 1 მილიარდ 86,9 მლნ ლარს. აქედან ავტობუსების შესაძენად გამოყოფილია 79,6 მლნ ლარი; ავტობაზების, გაზგასამართების და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 24,7 მლნ ლარი; მეტროსადგურების რეკონსტრუქციისთვის- 5,1 მლნ ლარი; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრულია 20,4 მლნ ლარი; „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილია 7 მლნ ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად – 15 მლნ ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი