ახალი ამბები

ზურაბ ქარუმიძე: დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა აღარ განიხილება

4 ივლისი, 2014 • • 1407
ზურაბ ქარუმიძე: დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა აღარ განიხილება

“მთავრობამ გადაწყვიტა პროფესიონალი დიპლომატის შერჩევა ამ პოსტზე. ესაა და ეს…”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ზურაბ ქარუმიძე.

 

ნეტგაზეთის კითხვას, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ხომ არ უკავშირებს იმ კამპანიას, რომელსაც მის წინააღმდეგ გაზეთი ასავალ-დასავალი აწარმოებდა, ქარუმიძემ ასე უპასუხა:

 

“არა მგონია, თუმცა ეს ორი რამ დროში დაემთხვა; შესაძლოა, უბრალოდ დამთხვევაა”.

 

ზურაბ ქარუმიძის დიდი ბრიტანეთში ელჩად დანიშვნის საკითხის გარშემო ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა ელჩის პოზიციაზე და ამის მიზეზად მან დაასახელა ქარუმიძის ლიტერატურული ნამუშევარი, კერძოდ, რომანი “მელია-ტულეფია: Foxtrot”. ამ ინტერვიუს შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ის ინფორმაცია, რომ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა ელჩის პოზიციაზე. ხოლო ქარუმიძის განცხადებით, მის კანდიდატურას ელჩის თანამდებობაზე მარტის დასაწყისიდან განიხილავენ. ქარუმიძის მხარდასაჭერად რამდენიმე პოლიტიკოსმაც [მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებმა] გამოთქვა საჯაროდ თავისი მოსაზრება, რის შემდეგაც (25 მარტს) საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება. ფანჯიკიძის განმარტებით, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატურას მთავრობა განიხილავს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

 

ნეტგაზეთი დღეს, 4 ივლისს დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და ჰკითხა, რატომ შეჩერდა ქარუმიძის კანდიდატურის განხილვის პროცესი, რაზე გვიპასუხეს, რომ ამ თემას გაარკვევენ და შემდეგ გვეტყვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი