“ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძეს ბრალდება მოეხსნა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ ბიზნესმენს, “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძეს ბრალდება მოეხსნა.

პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. აღნიშნულის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ანზორ ქოქოლაძის მიმართ 2011 წელს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და იგი გაამართლა.

რა ბრალდება წარუდგინეს ანზორ ქოქოლაძეს 2011 წელს

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ანზორ ქოქოლაძემ თითქოსდა გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდების და ს/ს “ელიტ ელექტრონიქსიდან” მატერიალური სახსრების, მის, როგორც ფიზიკური პირის, გამგებლობაში მოქცევის მიზნით, ს/ს “ელიტ ელექტრონიქსის” კაპიტალი მისი ნათესავის, შპს “ბათუმვაჭრობის” დირექტორის თ.ნ-ს კომპანიაში ხელოვნურად გადაიტანა. ხოლო თ.ნ-მ, როგორც შპს “ბათუმვაჭრობის” დირექტორმა, სესხის ფიქტიური ხელშეკრულებები გააფორმა, რის საფუძველზეც ანზორ ქოქოლაძეს სახელზე სესხის სახით, საერთო ჯამში, 4 605 000 ლარი გაიცა.

მიღებული თანხიდან მიზნობრივად გაიხარჯა მხოლოდ 1.193.658 ლარი, ხოლო 3.411.342 ლარი ანზორ ქოქოლაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მოაქცია მის გამგებლობაში, რითაც ს/ს “ელიტ ელექტრონიქსიდან” მოტყუების გზით დაუფლებული თანხის ერთპიროვნულად განკარგვის შესაძლებლობა მიიღო, პირადი მოხმარებისთვის გაათავისუფლა კაპიტალი საბანკო და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებებისგან, ხოლო სააქციო საზოგადოებას და სახელმწიფოს მოუსპო კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ასევე, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ანზორ ქოქოლაძე აგრძელებდა რა ს/ს “ელიტ ელექტრონიქსის” გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდებასა და მატერიალური სახსრების მის, როგორც ფიზიკური პირის, გამგებლობაში მოქცევას, გამოიყენა ყალბი შინაარსის შემცველი აუდიტორული დასკვნა და 2008 წლის 17 ივნისს ისნის რაიონში მდებარე ქონება ხელოვნურად გაზრდილი ფასით მიჰყიდა ს/ს “ელიტ ელექტრონიქსს”, რის სანაცვლოდ მოტყუებით მიიღო ქონების ხელოვნურად გაზრდილი საფასური – 7.437.205 ლარი.

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემისთვის და მისი რეალური მფლობელის შენიღბვისთვის ანზორ ქოქოლაძემ მასთან დაკავშირებულ პირებს, ფიქტიურად გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძვლით, ხსენებული თანხების ნაწილი შპს “ტექნო ბუმში” შეატანინა.

ბრალდების თანახმად, სესხის სახით გაცემული თანხის ფაქტობრივი მფლობელი იყო ანზორ ქოქოლაძე, ხოლო მასთან დაკავშირებული პირების სახელით გაფორმებული სესხის ფიქტიური ხელშეკრულებებით მათ დაფარეს უკანონოდ დაუფლებული თანხების წარმომავლობის წყარო და შენიღბეს მისი რეალური მფლობელი, რითაც ანზორ ქოქოლაძემ კანონიერი სახე მისცა სააქციო საზოგადოება “ელიტ ელექტრონიქსიდან” თაღლითური გზით მიღებულ შემოსავალს და სესხის უკან დაბრუნების გზით თანხები ფორმალურად მოაქცია მის მართლზომიერ მფლობელობაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას ღია სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს საქმის მტკიცებულებები, რომლებიც არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი, თავისი შინაარსით ირიბ ანუ არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, რაც არ იყო საფუძველი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

აქედან გამომდინარე, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდების მხარემ ანზორ ქოქოლაძის მიმართ უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რომელთა ერთობლიობაც ვერ უზრუნველყოფდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის სტანდარტს, უარი თქვა ბრალდებაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.