ახალი ამბები

ჟურნალისტის თქმით, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტისთვის ემუქრებიან

25 დეკემბერი, 2018 • 4703
ჟურნალისტის თქმით, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტისთვის ემუქრებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, ულტრანაციონალური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე პრორუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ემუქრება.  “საქართველოს ეროვნული ერთობის” წარმომადგენელი ფეისბუკზე წერს, რომ სიუჟეტის ეთერში გაშვებისთვის მაუწყებელი მოლოტოვის კოქტეილის “ღირსია”. გარდა ამისა, მის პოსტში საუბარია ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

საქმე ეხება 23 დეკემბერს პირველი არხის ეთერში გადაცემა “ახალ კვირაში” გასულ სიუჟეტს, რომელიც პრორუსულ პროპაგანდას ეხება. სიუჟეტში ანონიმურად საუბრობს რესპოდენტი, რომლის თქმითაც, თავად იყო ერთ-ერთი ანტილიბერალური ფეისბუკ ჯგუფის წევრი და კარგად იცნობს დეზინფორმატორების მუშაობის სტრატეგიას. სიუჟეტში  წყარო ყვება, როგორ მუშაობენ ეს ჯგუფები და როგორ იგეგმება სხვადასხვა მედიასაშუალებებსა თუ ცალკეულ ინდივიდებზე შეტევები. ე.წ. სპამშეტევების მსხვერპლი ის მედიასაშუალებები და ადამიანები ხდებიან, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებს იზიარებენ და ანტირუსული განწყობები აქვთ.

“ვხედავდი, როგორ აკეთებდნენ ორგანიზებას… ვთქვათ, ჩააგდებდნენ ბმულს რომელიმე მედიასაშუალების სტატიის ან ადამიანის პოსტის. წავიდა, ბიჭებო, შევესიეთ… ამის შემდეგ კომენტარებში მიდიოდა საშინელი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება. ეს იყო წინაწასწარ დაგეგმილი. რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებს, მახსენდება ლიბერალი, ტაბულა, ნეტგაზეთი, პირველი არხი თუნდაც, ხშირად ვხედავდი ამ ჯგუფებში ამ მედიასაშუალებების ლინკებს, როგორც სამიზნეს,” – ამბობს რესპოდნენტი.

ნეტგაზეთმა დამოუკიდებლადაც შეამოწმა ერთ-ერთ ასეთ დახურულ ფეისბუკ ჯგუფში, მაგალითად, თვეების წინ როგორ იღებდნენ ინტერნეტ-შეტევის სამიზნეში კონკრეტულ მედიაპროდუქტს, მათ შორის, ნეტგაზეთს, და როგორ შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ კონკრეტულ ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც სიუჟეტი გადაცემის Facebook გვერდზე განთავსდა, ულტრანაციონალური დაჯგუფების წევრმა თორნიკე ვაშაკიძემ კომენტარში დაწერა [სტილი დაცულია]: “შეურაცხყოფა კი არა ეს არხი მოლოტოვის კოექტეილის ღირსია და ავტორი სარზე დასმის, რა უფლებით დებს 100 ბით ადამიანს უარგუმენტოდ თავის კოგნიტიური ფანტაზიებზე და მემარცხენე ლიბერაურ ისტერიებზე დაყრდნობით სამშობლოს ღალატში ბრალს ?!”

 

ქეთი თუთბერიძეს მიაჩნია, რომ ვაშაკიძის მუქარა სწორედ ანომიმურად ჩაწერილ ადამიანს უკავშირდება, რომელმაც მათზე ღიად დაიწყო საუბარი.

“დიდი ხანია ანტიპროპაგანდის მიმართულებით ვმუშაობ. ყოფილა შეურაცხმყოფელი კომენტარები, მაგალითად, სირიასთან, რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ასე არ აღშფოთებულან და არც პირად მუქარაზე გადასულან. დარწმუნებული ვარ, მათი აღშფოთება გამოიწვია იმ ადამიანმა, რომელიც თვეების განმავლობაში ანტილიბერალურ ჯგუფებში იყო. ის ამ ჯგუფების მხოლოდ წევრი იყო და ბოლომდე მათ იდეოლოგიას არ იზიარებდა. თავიდან მას ეგონა, რომ ეს ადამიანები პატრიოტები იყვნენ, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ეს ჯგუფები არა პატრიოტული, არამედ ქსენოფობიური და ფაშისტური იდეების გამავრცელებლები იყვნენ,” – ამბობს თუთბერიძე.

ჟურნალისტის თქმითვე, ეს არის პირველი შემთხვევა და მანამდე ვაშაკიძე მას არც დამუქრებია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია. არხზე და მის ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტზე საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას გეგმავს.

“ეს პიროვნება არ მალავს, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარია და ღიად კომენტარებში დაწერა,  შეურაცხყოფას კი არა, სარზე გასმას იმსახურებს ჟურნალისტი და საზოგადოებრივ მაუწყებელში მოლოტოვის კოქტეილები უნდა შეყაროს. მე 90% დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ იზამს, მაგრამ მას სამართლებრივად ვიღაცამ უნდა აუხსნას, რომ დღევანდელ ეპოქაში მსგავსი რაღაცების წერა მიუღებელია. არ მინდა ადამიანი ჩემი მიზეზით ციხეში მოხვდეს. ეს ადამიანი სიუჟეტში არ დამისახელებია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულ პირად. ულტრანაციონალური ჯგუფი, რომელსაც ის მიეკუთვნება, მოვიხსენიე, როგორც რუსეთის მიერ მანიპულირებად ჯგუფად,”- ამბობს ქეთი თუთბერიძე.

თორნიკე ვაშაკიძე მუქარის ფაქტს უარყოფს, მისი თქმით, კომენტარი გადაცემის “ცილისწამების” საპასუხოდ აღელვებულმა დაწერა.

“ეს არ არის მუქარა. მე არსად მითქვამს, რომ რაიმე მსგავს ვაპირებ. რისი ღირსი, ესეც ვაკონტრეტებ. ფიგურუალურად ვთქვი უბრალოდ ემოციურად ვიყავი აღელვებული მსგავს ცილისწამებზე, რაც ამ გადაცემიდან მოდიოდა,” – ფეისბუკის საშუალებით წერილობით ასე უპასუხა ნეტგაზეთის კითხვებს ვაშაკიძემ.


თორნიკე ვაშაკიძე 17 მაისს “ეროვნული ერთობის” სხვა წევრთან ერთად შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა. “ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობა” 2016 წლის 2 ნოემბერს დაფუძნდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

2018 წლის 12-13 მაისს ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის საპასუხოდ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და აცხადებდნენ, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ ქალაქში პატრულირებას, რათა თავად აღკვეთონ ის “უკანონობა”, რომელსაც პოლიცია ვერ ან არ აღკვეთს. მათი მხრიდან ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა. დაჯგუფების წევრთა ნაწილი ნიღბით მალავდა საკუთარ სახეს.

ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი