ახალი ამბები

გვრიტიშვილი კრიტიკას ანა დოლიძისა და მარგველაშვილის კრიტიკით პასუხობს

25 დეკემბერი, 2018 • 2686
გვრიტიშვილი კრიტიკას ანა დოლიძისა და მარგველაშვილის კრიტიკით პასუხობს

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად 24 დეკემბერს დაასახელეს, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძის კრიტიკით პასუხობს.

დიმიტრი გვრიტიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვა მოქმედი მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად დაასახელა. თუ პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დაინიშნებიან.

[gray_box]ამავე თემაზე:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანდიდატების დასახელებამ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ისე – საბჭოს არამოსამართლე წევრებში. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნულს ქვეყნის ტრაგედიად აფასებენ. ამის მიზეზი არის არამხოლოდ კანდიდატების შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალეობა, არამედ აღნიშნული მოსამართლეების გავლენები და სასამართლო პრაქტიკა.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, სადაც წერია: “სასამართლო სისტემაში კრიზისული ვითარების შექმნას ხელი შეუწყო ამ ჯგუფის ინტერესებზე მორგებულმა კანონმდებლობამ და პარლამენტის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების ნების არარსებობამ. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს მიერ დღეს წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება გადამწყვეტი როლი, არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯლების მხარდაჭერა.”

დიმიტრი გვირიტშვილი ფეისბუკზე განმარტავს, თუ რატომ მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოქმედი 10 მოსამართლის უზენაესის წევრობის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება. 2018 წლის 16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს წევრობის დაკომპლექტება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაში გადავიდა. მანამდე მათ პრეზიდენტი ასახელებდა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს ანა დოლიძე დაასახელა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად, რასაც პარლამენტმა მხარ არ დაუჭირა. გვირიტიშვილი სწორედ დოლიძის წარდგენას იხსენებს მის მიმართ არსებული კრიტიკის საპასუხოდ.

“ჩვენ კანონი არ გვავალდებულებდა ვინმესთან წინასწარი კონსულტაციების გამართვას! საინტერესოა, არასამთავრობო სექტორს რატომ არ უჩნდებოდა კითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, როდესაც მოულოდნელად ეწყობოდა ბრიფინგები და საზოგადოებას და პარლამენტს წარედგინებოდა კანდიდატები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება შეიძლება არც ჰქონოდათ!

ასე “შეირჩა” უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძეც! რატომღაც მაშინ არც მას და არც არასამთავრობო სექტორს გასჩენია პროტესტის და უხერხულობის გრძნობა! და როცა ეს კანდიდატი პარლამენტმა სწორად უარყო, პრეზიდენტყოფილმა ახლა უკვე საბჭოს წევრად მოგვივლინა, ისევ და ისევ ყოველგვარი პროცედურის გაუვლელად!” – წერს დიმიტრი გვირტიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კვალიფიციური მოსამართლეები შეარჩია.

“თუ ერთ არაიურისტ ადამიანს შეეძლო “ღირსეული” კანდიდატების შერჩევა, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, საბჭოს წევრებს, კოლეგიურ ორგანოს, რომელიც შედგება მოქმედი მოსამართლეებისგან და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი იურისტებისაგან?” – დასძენს მოსამართლე გვირიტიშვილი.

როგორც ის ამბობს, უზენაეს სასამართლოში, სულ მცირე, 28 მოსამართლე უნდა იყოს, ახლა კი მათი რაოდენობა მხოლოდ 10-ს არ აღემატება. შესაბამისად, სასამართლო ვერ აუდის საქმეების განხილვას, რაც პრობლემებს ქმნის. გვირიტშვილი უზენაეს სასამართლოში შექმნილ ვითარებას “უმძიმესს” უწოდებს და “კოლაფსს” ადარებს.

“რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატებს. მსოფლიოს ყველა თანამედროვე ქვეყნის პრაქტიკაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესება მოხდეს კარიერული დაწინაურების პრინციპით: კანდიდატს უნდა ჰქონდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება!”, – აცხადებს გვირიტშვილი და ხაზს უსვამს შერჩეული კანდიდატების კვალიფიციურობას.

ის ასევე იხსენებს საკონსტიტუციო რეფორმის მოწონების ფაქტს ვენეციის კომისიის მიერ. მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაურღვევია კონსტიტუცია, კანონმდებლობა და მისი გადაწყვეტილება არის დროული.


დიმიტრი გვრიტიშვილი უკვე 10 წელზე მეტია ქართულ სასამართლო სისტემაში მუშაობს. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის შესახებ, ასევე, ნაცემი დაჩი ცაგურიას 10 დღით დაპატიმრებისა და ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით. უფრო ვრცლად ამ საქმეებზე, წაიკითხეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი